ვინ იყო მუშთაიდი? - ლეგენდები ბაღის შემქნელის შესახებ

0
ლეგენდის თანახმად, მუშთაიდი, ირანელი დიდგვაროვანთა ოჯახის წარმომადგენელი გახლდათ, რომელსაც ცოლად ქართველი ქალი _ ნინო ჰყავდა. მას მეუღლე სტამბოლში ტყვეთა ბაზარში უყიდია. როგორც ჩანს, თავრიზელ მირ ფერტე აღასეიდ მუშთაიდს მეუღლე იმდენად შეჰყვარებია, რომ როცა მან თბილისში საცხოვრებლად გადასვლა უთხოვია, კაცი დასთანხმებია. თუმცა, ამ წყვილის თბილისში დასახლების შესახებ არის მეორე და ბევრად უფრო სარწმუნო ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, მუშთაიდი რუსეთის მთავრობისთვის მუშაობდა და ამის გამო ირანის შაჰმა მას სამშობლოში ჩასვლა აუკრძალა. მუშთაიდს მდიდარ, განათლებულ, ორატორული ნიჭით დაჯილდოებულ, საკმაოდ გავლენიან ადამიანად ახასიათებდნენ. მისი ეს თვისებები მხედველობიდან არ გამოჰპარვია კავკასიის მაშინდელ მთავარმართებელ გენერალ ალექსანდრე პასკევიჩს. სწორად მან, რუსეთის მაშინდელი ელჩის ალექსანდრე გრიბოედოვის რჩევით, მუშთაიდი გადაიბირა და რუსეთის სამსახურში ჩააყენა. მუშთაიდმა სამხრეთ აზერბაიჯანის მმართველის, ირანის უფლისწულის აბაზ-მირზასა და თავრიზის სარდლის ალაიარ-ხანის ქვეყნიდან გაძევება შეძლო, რითიც ხელი შეუწყო ამ მხარის რუსეთთან შეერთებას. ხოლო თურქმანჩაის ზავის შემდეგ, როცა სამხრეთ აზერბაიჯანი ირანს დაუბრუნდა, მუშთაიდს, როგორც ქვეყნის მოღალატეს, იქ აღარ დაედგომებოდა და იძულებული გამხდარა, სამშობლოდან გადახვეწილიყო. მუშთაიდმა ირანში დიდძალი ქონება დატოვა, მაგრამ ალექსანდრე პასკევიჩმა მას შესაფერისად დაუფასა გაწეული სამსახური. გენერლის შუამდგომლობით მუშთაიდს დაუნიშნეს მაღალი პენსია, დააჯილდოეს იმპერიის უმაღლესი ორდენებით, მედლებით და შირვანში 15 სოფელიც კი უბოძეს. მუშთაიდი მთელი კავკასიის შიიტების უმაღლეს სასულიერო ხელისუფლად დაინიშნა. რეზიდენცია თბილისში გამოუყვეს და ასევე, 50 დესეტინა მიწის ნაკვეთი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. ნინო საქართველოში ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. კაცმა საყვარელი ცოლი სახლის წინ, ეზოში დაკრძალა და მის საფლავზე ბევრი წითელი ვარდი დარგო. მალე, ბაღის გაშენების იდეა გაუჩნდა და როცა ჩანაფიქრის განხორციელებას შეუდგა, მტკვრიდან 12-კილომეტრიანი სარწყავი არხიც გაიყვანა. გადმოცემის თანახმად, როცა ირანის შაჰმა მუშთაიდი შეიწყალა, 1845 წელს მან თავის სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა, გამგზავრებამდე ბაღი ერთ ვაჭარს მიჰყიდა. შემდეგ ეს ტერიტორია ქალაქის მმართველობაში გადავიდა. მთავარმართებელმა მუშთაიდის ბაღი გაადიდა და კეთილმოაწყო. ის ქალაქის ერთ-ერთ სასეირნო და მოსალხენ ადგილად გახადა. იმ დროს ბაღში მრავალი გასართობი ადგილი იყო: რესტორანი, ბუფეტი, საგამოფენო სივრცე და საზაფხულო თეატრი. სწორედ აქედან აუშვეს ამიერკავკასიაში პირველი საჰაერო ბურთი 1882 წელს, 1935 წელს კი ამოქმედდა მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა. მოკლედ, ეს ადგილი ძველი თბილისის ძალიან პრესტიჟულ ადგილად ითვლებოდა, სადაც უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს ქართველი მასპინძლები აუცილებლად გაატარებდნენ. როგორც ამბობდნენ, სწორედ მუშთაიდის ბაღის ღია სცენაზე ნახა პირველად ნიკო ფიროსმანმა ფრანგი მომღერალი მარგარიტა დე სევრი, რომლისგანაც შთაგონებულმა მხატვარმა შექმნა ტილო , , აქტრისა მარგარიტა”, თუმცა ფიროსმანის შემოქმედების მკვლევრების აზრით, ეს მხოლოდ ლამაზი ზღაპარია და რეალობასთან არაფერი აქვს საერთო. ბაღი სხვადასხვა დროს ხან რკინიგზელთა, ხან ორჯონიკიძის სახელობის იყო, მაგრამ საბოლოოდ დამაარსებლის სახელი დაიბრუნა და დღეს მას ყველა მუშთაიდის ბაღად მოიხსენიებს.
#მუშთაიდი
#თბილისი
#ლეგენდა
#ისტორია
#tbilisidaily
0