"სუპერმოდელები" - ახალი დოკუმენტური ფილმი დიდებული ოთხეულის მონაწილეობით

0
Big 4/Originals- დიდებული ოთხეული, ასე მოიხსენიებენ სუპერმოდელების პირველი თაობიდან 4 ყველაზე დიდ მოდელს: ლინდა ევანჯელისტას, ნაომი ქემბელს, სინდი კროუფორდს და კრისტი ტარლინგტონს. მიუხედავად იმისა, რომ პირველად ტერმინი სუპერმოდელი 1891 წელს გამოიყენეს, მასიურად გაჟღერება 1988 წლიდან დაიწყო, როდესაც მოდელები გახდნენ საერთაშორისოდ აღიარებულები. ისინი პირველები იყვნენ, ვინც მოდის საზღვრები გაარღვიეს და ვარსკვლავები გახდნენ, როგორც მსახიობები, მომღერლები. ამიტომ უწოდებენ მათ ორიგინალებს. AppleTV - ზე მალე ახალი დოკუმენტური ფილმი გამოვა, რომლის მთავარი გმირებიც ყველაზე ცნობილი, გავლენიანი და აღიარებული სუპერმოდელები იქნებიან. დიდებული ოთხეულის წევრები თავიანთი კარიერის ბრწყინვალე ეტაპს დაუბრუნდებიან და ფართო საზოგადოებას საკუთარ ისტორიებს მოუყვებიან.
სიახლე ნაომიმ, ლინდამ, კრისტიმ და სინდიმ თავიანთი ინსტაგრამ გვერდებზე ერთი და იმავე ფოტოთი გაავრცელეს - კადრი მათი კარიერის ერთ-ერთ ყველაზე დაუვიწყარ მომენტს, ვერსაჩეს 1991 წლის შემოდგომა/ზამთრის შოუზე ჯორჯ მაიკლის “Freedom!” - ის ფონზე გამოსვლას ასახავს.
დოკუმენტური ფილმის რეჟისორი ბარბარა კოფლი იქნება.
ნაომი: „მე და ჩემი დები: კრისტი, ლინდა, სინდი და მე უკიდურესად აღელვებულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენი ისტორია მსოფლიოს გავუზიაროთ. შეუძლებელი იყო ბრაიან გრეიზერზე და რონ ჰოუარდზე უკეთესი პარტნიორები გვენატრა, ეს მართლაც ახდენილი ოცნებაა, რადგან ვიცით, რომ ისინი ჩვენს ამბავს დააფასებენ და ღირსეულად მიუდგებიან. იმედი გვაქვს, რომ დოკუმენტურ სერიებში წარმოდგენილი ჩვენი ამბავი მთელი მსოფლიოს ახალგაზრდებს გაამხნევებს, მოტივაციას შემატებს და შთააგონებს. ერთი სული გვაქვს როდის დავიწყებთ რეჟისორ ბარბარა კოფლთან ერთად ამ დიდებულ თავგადასავალს.“
ლინდა: „ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელია, რომ, როგორც იქნა, რეჟისორ ბარბარა კოფლის რეჟისორობით მოგვეცა შესაძლებლობა, წარმოუდგენლად ბრწყინვალე გუნდთან თანამშრომლობით ჩვენი ამბავი მოვყვეთ, იმედია მაყურებლისთვისაც ასე იქნება. გამიხარდება თუ ხალხი ამას არამხოლოდ ჩვენი ინდივიდუალური ისტორიების წარმოჩენად აღიქვამს, არამედ ასევე - მეგობრობის, ოცნებების და შეუპოვრობის.“
კრისტი: „ერთი სული მაქვს დავუბრუნდე მოდის ამ უპრეცედენტო დროს ამ წარმოუდგენელ ქალებთან ერთად, რომლებთან ერთადაც გავიზარდე.“
სინდი: „აღელვებული ვარ, რომ ჩემს მეგობრებს ისევ ვუერთდები, რათა ერთდროულად აღვნიშნოთ და გამოვიკვლიოთ თუ როგორ გადალახეს სუპერმოდელებმა მოდელობასთან დაკავშირებული ტრადიციული დოგმები და შეზღუდვები. Imagine Documentaries და აკადემიის ჯილდოს მფლობელი რეჟისორის, ბარბარა კოფლის, მხარდაჭერით ვგეგმავთ, რომ გამოვავლინოთ დინამიკური პიროვნულობები, ასევე მედიასა და კულტურაში არსებული ძვრები, რომლებმაც ეს საკულტო ერა განსაზღვრა.“
ამ ეტაპზე უცნობია „სუპერმოდელების“ გამოსვლის ზუსტი თარიღი.
0