ძველი თბილისის ზოროასტრული ტაძარი

0
თბილისში, ზემო ბეთლემის ტაძრიდან სულ რაღაც 100 მეტრში ზოროასტრული ტაძარი, ათეშგა მდებარეობს. ათეშგა კი სპარსულად ცეცხლის ადგილს ნიშნავს. ძველ ქართულ ლიტერატურაში “ათეშგას” აღსანიშნად ტერმინი “ატროშანი“/ “არტოშანი” დამკვიდრდა. დღეს ათეშგა ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსს ატარებს. ათეშგის წინ ბაქანი გომის ქ. N3-ის მოსახლეს აქვს შეერთებული, ამიტომაც შენობაში შესვლა მხოლოდ კერძო საკუთრების გავლითაა შესაძლებელი. კუბური მოცულობის შენობა მთლიანად აგურითაა აგებული. კვადრატული აგურების ეს სტანდარტი ნარიყალას უადრეს სამშენებლო ფენებში დასტურდება. ასევე, დამახასიათებელი იყო სასანური ირანისთვისაც. ისტორიკოსისა და არქეოლოგის, იულონ გაგოშიძის აზრით, ძველ თბილისში ათეშგას აშენება, შესაძლოა, აქ ზოროასტრული თემის არსებობას უკავშირდებოდეს. თუმცა არ გამორიცხავს, რომ ათეშგა ფარსებს, ინდოეთში გადასახლებულ ირანელებს ემსახურებოდა. ფარსები კი ცნობილი ვაჭრები იყვნენ და როგორც გაგოშიძე აღნიშნავს, მათი ქარავნები სავაჭროდ თბილისშიც ჩამოდიოდნენ. ცეცხლის ტაძრებში მუდმივად ენთო ცეცხლი, რომელიც მიწასთან და წყალთან ერთად ზოროასტრიზმში წმინდა სტიქიებია და რიტუალური განმწმენდის სიმბოლოებს წარმოადგენს. ათეშგებში ცეცხლს ხით, ცხოველური ცხიმითა და მცენარეული წარმოშობის სურნელებით კვებავდნენ. პლატონ იოსელიანის მიხედვით, ძველი თბილისის მოსახლეობა ათეშგას “საკერპოს“-საც უწოდებდა. საუკუნეების მანძილზე ნაგებობამ სახე იცვალა. გურამ ყიფიანის აზრით, ათეშგა მეჩეთად უკვე მე-8 საუკუნეში გადაკეთდა – ამოიქოლა თაღები, აღმოსავლეთის ფასადი სასანური მხატვრული სტილით გაფორმდა, სამხრეთ კედლის თაღში კი შეიქმნა მიჰრაბი (სალოცავი ნიშა მეჩეთებში, რომელიც ქააბასკენ მიმართულებას უჩვენებს). ფოტოებისა და ცნობების მიხედვით ირკვევა, რომ ათეშგას გუმბათი მე-19 საუკუნეში ისევ ჰქონდა. მოსაზრებები განსხვავებულია უშუალოდ ზოროასტრული ტაძრის დაარსების შესახებ. სარგის კაკაბაძის აზრით ათეშგა ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს აიგო, თუმცა ამას ყიფიანი არ ეთანხმება. მისი განმარტებით, გორგასლის დროს მხოლოდ იწყებოდა ქალაქის განაშენიანება და კალას კლდოვან უბანში, სადაც დომინანტი ბეთლემის ტაძარი იყო, ათეშგას სახით მეორე დომინანტი ვერ აშენდებოდა. ასევე, ირანული ტრადიციით აგურის მაღალი ტერასის შექმნას სპარსელების აქ დამკვიდრება სჭირდებოდა. სპარსელები კი ქართლში ფეხს მე-6 საუკუნიდან იკიდებენ, რაც სტეფანოს I-ის ერისმთავრობას ემთხვევა. წყაროებიდან ირკვევა, რომ სტეფანოსს პრო-ირანული ორიენტაცია ჰქონდა. ამ მოსაზრებას თუ გავყვებით, ათეშგა თბილისში სწორედ იმდროინდელია. მისი დანგრევა კი უკავშირდება 628 წელს ბიზანტიელების მიერ თბილისის აღებასა და ქალაქში ზოროასტრელების, წარმართებისა და მონოფიზიტების განადგურებას. თბილისის ათეშგის დათარიღების ყიფიანის ვერსიას იულონ გაგოშიძე არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ თბილისის მშენებლობა ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს არ დაწყებულა. მისივე თქმით, არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ აქ აბანოები ჯერ კიდევ მე-2 საუკუნეში არსებობდა და გორგასალმა ქალაქი მხოლოდ დედაქალაქობისთვის მოამზადა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ თბილისში ათეშგა სტეფანოს I-ის ერისმთავრობამდე აგებულიყო. ქართლის ცხოვრებიდან დასტურდება, რომ ათეშგები თბილისის გარდა ნიქოზში, ნეკრესსა და  მცხეთაშიც ყოფილა, თუმცა დღემდე მხოლოდ თბილისის ათეშგა შემორჩა. ათეშგა სხვადასხვა მოგზაურების ჩანახატებსა და თბილისის გეგმებზე აისახა. 2007-2009 წლებში ICOMOS საქართველოს მიერ “ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის” პროექტის ფარგლებში მოხდა ათეშგას გაწმენდა-აღდგენა: აღდგა ათეშგასთან მისასვლელი კიბე, რესტავრაცია ჩაუტარდა შესასვლელთან არსებულ ბაქანს, მოიხსნა შენობაში არსებული მიწის ფენა და ძეგლის ეზოში მოწყობილი ბაღჩა, აღდგა ავთენტური იატაკის დონე. ატმოსფერული მოვლენებისგან დაცვის მიზნით შენობა დროებითი სახურავით არის გადახურული.
#ათეშგა
#ძველითბილისი
#ტაძარი
#არქიტექტურა
#ბეთლემისქუჩა
#tbilisidaily
0