დომინანტური მზერა საქართველოს აზერბაიჯანული თემის იმართ - ქამრან მამედოვის ბლოგპოსტი (ნაწილი 2)
Marneuli Daily
დომინანტური მზერის მეორე ტიპი არის დანახვა, როგორც საფრთხისა. იგი ახასიათებს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურს, საპატრიარქოს, ასევე სხვა, მათ შორის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის, პროგრესულ თუ ტრადიციონალისტ, პროდასავლურ თუ პროქართულ ძალებსაც. ამ შემთხვევაში ეთნიკური უმცირესობები დანახულია საფრთხის პრიზმიდან და შესაბამისი პოლიტიკა იწერება და ხორციელდება ამ გადმოსახედიდან.
ამ პოზიციის ნათელი მაგალითია 2020 წლის არჩევნებამდე საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის განხილვის პროცესი. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ 2020 წელს გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე ბუნებრივი ბარიერით, თითქმის ყველამ დაიწყო იმაზე საუბარი, თუ რა ტრაგედია გველის ასეთ პირობებში ეთნიკური უმცირესობების პარტიის გაჩენისას. მათ შორის ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ერთნაირად საუბრობს, რომ ეთნიკური უმცირესობების პარტიის არსებობა თავისთავად არის საფრთხე. ეს თეზისი ჩემთვის სავსებით გაუგებარია.
რა თქმა უნდა, პარტიები, რომლებიც აღვივებენ ეთნიკურ შუღლს და პროპაგანდას უწევენ ძალადობას, წარმოადგენენ საფრთხეს ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. მაგრამ გაუგებარია, რატომ არის საფრთხე ისეთი პარტიების არსებობა, რომელთა მთავარი საზრუნავიც სწორედ ეთნიკური თანასწორობის მიღწევა იქნება. პირიქით, შესაძლოა, ასეთი პარტია უფრო პროგრესული და პროდასავლური იყოს, ვიდრე დღეს არსებული ზოგიერთი „ეროვნული“ პოლიტიკური პარტია.
ზედმეტად მიმაჩნია იმის ხაზგასმა, თუ სუს-ის მიერ როგორ იმართება პოლიტიკური პროცესები ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში, სადაც თითქმის ყველა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო საკითხი წყდება არა რეგიონის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, არამედ სპეციალურ კაბინეტებში, სადაც ფიქრობენ არა ამ ხალხის საჭიროებებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მართონ რეგიონი, რომ ამ ხალხის საჭიროებებზე საუბარი საერთოდ არ იყოს დღის წესრიგში.
შესაძლოა გავიგო (მაგრამ არ მივიღო) პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფოს ასეთი დამოკიდებულება. მაგრამ ყოველთვის, იგივე მზერა გადადის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რელიგია და კულტურა. თითქმის ყველა რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც მუსლიმი თემისთვის მუშაობს, კონტროლდება სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოების მიერ. ხოლო ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც არ აღიარებენ და არ ემორჩილებიან ასეთ კონტროლს, ექმნებათ ხელოვნური ბარიერები და ვერ იღებენ დაფინანსებას სახელმწიფოსგან (გასაგებია, რომ სეკულარულ ქვეყანაში, სახელმწიფოს მიერ რელიგიური ინსტიტუტების დაფინანსება არასწორია, მაგრამ თუ ფინანსდება ერთი ორგანიზაცია, მაშინ თანასწორობის პრინციპი მოითხოვს, რომ დაფინანსდეს ყველა).
ბოლო საკითხი, რომელიც პირდაპირ აშიშვლებს მზერას: დანახვას, როგორც საფრთხეს, არის სახელმწიფოს დამოკიდებულება ელათის მიმართ. ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობის ტრადიციული თავყრილობა, რომელიც იყო ადგილი, სადაც ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შეეძლოთ საკუთარი კულტურის ჩვენება და ზეიმობა, საფრთხედ იქნა დანახული. სამწუხაროდ, სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევის შედეგად, ეს ტრადიცია გაუქმდა და ამ ღონისძიების ორგანიზება გადაეცა დმანისის მუნიციპალიტეტს „დმანისობის“ სახელწოდების ქვეშ. წელს დმანისობის ღონისძიებაზე მისულ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს არაფერი აზერბაიჯანული არ დახვდათ. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს უკვე დაიკარგა ეს ტრადიცია, მხოლოდ და მხოლოდ დომინანტი კულტურის შიშისა და ფობიების გამო (ამ საკითხზე უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ EMC-ის სტატიაში).
დომინანტური მზერის მესამე ტიპი არის დანახვა, როგორც ნაკლებად განვითარებულის, ჩამორჩენილის. ეს მზერა ახასიათებს ეთნიკურად ქართული მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, რომელიც ეთნიკურ აზერბაიჯანელებს უყურებს, როგორც ცივილიზაციურად, კულტურულად და გონებრივად ჩამორჩენილ ხალხს. სწორედ ამაზე მიუთითებს ზოგი არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის, ექსპერტის, პროგრესულის თუ ლიბერალის მიერ, ეთნიკურ აზერბაიჯანულ თემთან მუშაობისას, მხოლოდ ისეთი საკითხების ხაზგასმა, როგორიცაა ადრეულ ასაკში ქორწინება, გოგონების მოტაცება, ენის არცოდნა, არჩევნების გაყალბება, არალიბერალური ტრადიციები და ა.შ. მაგრამ იგივე ხალხი ვერ ხედავს და ხმას არ იღებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სტრუქტურული ჩაგვრა, ეთნოცენტრიზმი და ისტორიული უსამართლობა ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ.
დომინანტური მზერის ეს ტიპი ეთნიკური აზერბაიჯანელების ჩაგრული მდგომარეობის მიზეზს თავად ეთნიკურ აზერბაიჯანულ თემში ხედავს. ლოგიკა კი მარტივია: ეთნიკური აზერბაიჯანელები პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მონაწილეობენ, რადგან არიან გაუნათლებლები, უკულტუროები და არაცივილიზებულები. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ არ ფლობენ ქართულს. ქართულის არცოდნა იწვევს მათ უფრო მეტ ჩამორჩენას. თავიანთი არაცივილიზებული ტრადიციების გამო, ეთნიკური აზერბაიჯანული თემი ადრეულ ასაკში ძალით ათხოვებს გოგონებს. შედეგად, მათი გაუნათლებლობა და უკულტურობა უფრო ღრმავდება და ისინი უფრო უკან რჩებიან, ვიდრე დანარჩენი ქართული საზოგადოება.
ამ ხედვის მიხედვით, „ამ ჩამორჩენილ ხალხს“ სჭირდება მხსნელი, რომელიც უშველის და ასწავლის, რომ არ შეიძლება გოგონების ადრეულ ასაკში გათხოვება; რომ აუცილებელია ქართულის სწავლა და განათლების მიღება, დრომოჭმული ტრადიციების უკუგდება. ყველაზე სამწუხარო ამ მზერაში ისაა, რომ იგი ბევრი ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგაზრდის მიერ არის ინტერნალიზებული.
დომინანტი მზერის მეოთხე ტიპი არის დანახვა მეზობელი ქვეყნის გავლით. ეს მზერა აერთიანებს ორ ნარატივს ეთნიკური უმცირესობების მიმართ. პირველი, რომელსაც მე „მარიამ ჯაშის კომპლექსს“ ვუწოდებ, გვადარებს აზერბაიჯანის სახელმწიფოში ეთნიკური ქართველების ჩაგრულ მდგომარეობასთან და ამ გადმოსახედიდან მიიჩნევს, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები მადლობელი უნდა ვიყოთ, რადგანაც ისე არ ვიჩაგრებით, როგორც ეთნიკური ქართველები (ინგილოები) აზერბაიჯანში. ეს ნარატივი აშიშვლებს ქართულ საზოგადოებაში არსებულ, მაგრამ არაღიარებულ ხედვას, რომელიც ლიბერალურ დისკურსში ლამაზადაა შეფუთული, მაგრამ თავს მაინც ავლენს ისეთ განცხადებებში, როგორიც იყო ხსენებული მარიამ ჯაშის სიტყვები ინგილოების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.
მეორე ნარატივი საჯარო სფეროში აქტიურად გაჩნდა ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში. მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები საჯაროდ და პირდაპირ „გვაბრალებენ“, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების ისტორიული სამშობლო, მაშინ როცა, ისტორიულად, ეს მოსახლეობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნაწილი არასდროს ყოფილა. აქ არა მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურების პრობლემური და დომინანტური მზერა ვლინდება საქართველოს ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ, არამედ ამ პირების მხრიდან ისტორიის არცოდნაც.
ოთხივე ხედვა პრობლემური და შესაცვლელია. ასეთ სიტუაციაში კი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემისთვის დაბრალება, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს ისინი აფერხებენ, ჩემი აზრით, თითიდან გამოწოვილ არგუმენტს ემსგავსება.
ქამრან მამედოვი არის ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მკვლევარი.
წყარო : რადიო თავისუფლება