საფრანგეთში საქართველოს ელჩი ამბობს, რომ თანამდებობას ზეწოლის გამო ტოვებს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საფრანგეთში საქართველოს ელჩი თეა კატუკია ამბობს, რომ თანამდებობას ზეწოლის გამო ტოვებს. ხელისუფლების მხრიდან შექმნილ პრობლემებზე მან "ფეისბუკზე" დაწერა.  მისი თქმით, განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრს 1 მაისს გაუგზავნა, 1 ივლისიდან კი გათავისუფლებულად ითვლება. "გადადგომის თაობაზე ჩემს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან ჩემზე მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 25 წელიწადი გავატარე საფრანგეთში და ვფლობ საფრანგეთის მოქალაქეობას, თანამდებობაზე დათანხმებისას არ მიფიქრია, რომ საქართველოს მთავრობისთვის მიუღებელი აღმოჩნდებოდა საზღვარგარეთ ჩემი განვლილი პროფესიული გზა და ჩემი პოლიტიკური მიუკერძოებლობა", - წერს საქართველოს ყოფილი ელჩი.  თანამდებობის დატოვების შესახებ პოსტში ის საუბრობს შექმნილ პრობლემებზე და საქართველოს ევროინტეგრაციაზეც. "პირველივე დღიდან გავხდი საელჩოში არაერთი სერიოზული დარღვევისა და სტრუქტურული გაუმართაობის მოწმე, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლობის ინტერესებსა და იმიჯს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ფუნქციის შესრულება მომიწევდა მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში, რაც სათავეს იღებს სისტემაში ღრმად დამკვიდრებული კლანური და კლიენტისტური პრაქტიკიდან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის იმ ღირებულებებთან, რომლებსაც ვიცავ და იმ მიზნებსა და მისწრაფებებთან, რაც საქართველოს მიმართ გამაჩნია... დღეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და მისი დემოკრატიული განვითარება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ არჩევანზე არის დამოკიდებული. აღნიშნულ გადამწყვეტ კონტექსტში კი, მნიშვნელოვანი საკადრო და სტრუქტურული პრობლემები, რამდენადაც თავად გავხდი მოწმე და რომლის წინაშეც დგას საქართველოს დიპლომატიური სამსახური, ხელს უშლის ქვეყანას ეფექტური საგარეო პოლიტიკის გატარებაში ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ", - აღნიშნავს ის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ამ საკითხზე პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და UNESCO-ში მუდმივ წარმომადგენლად თეა კატუკია 2019 წლის აგვისტოში დაინიშნა. მან თანამდებობაზე დატოვების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მისი კანდიდატურის წარდგენის გამო. https://www.radiotavisupleba.ge/a/31924368.html

Source: radiotavisupleba.ge