მარინა ენდელაძე: თანმხლები დაავადების ქონა არ ნიშნავს, რომ ადამიანი აუცილებლად გარდაიცვლება
Tbilisi Daily
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ 85-ვე პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, არ ნიშნავს, რომ ყველა თანმხლები დაავადებების მქონე კოვიდინფიცირებული გარდაიცვლება.
„ჩვენ ყველა გარდაცვალების დროს ვამბობთ, რომ ჰქონდა თანმხლები დაავადება, მაგრამ, წარმოიდგინეთ, 11 794 პაციენტიდან მხოლოდ გარდაცვლილ 85-ს არ ჰქონიათ, სხვებსაც ჰქონდათ. თანმხლები დაავადებები არ ნიშნავს, რომ აუცილებლად იქნება გარდაცვალება. გააჩნია თანმხლები დაავადების სიმძიმეს, როდის მიმართა პაციენტმა სტაციონარს და ა.შ. ამდენად, ამ მხრივ, არ უნდა იყოს განსაკუთრებული შიში, თუმცა, ძალიან გვჭირდება სიფრთხილე“ - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსი 523 ადამიანს დაუდასტურდა, 208 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა დღიური რაოდენობით, თბილისმა აჭარას გადაასწრო.