მსოფლიოში ისევ მოიმატა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ექვსკვირიანი კლების შემდეგ, მსოფლიოში ისევ მოიმატა დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა. გასულ კვირაში აღირიცხა 2.6 მილიონი ახალი შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით 7%-ით მეტია. ყველაზე დიდი, 14%-იანი მატება იყო აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. 9-9% ევროპასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და 6% ამერიკაში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახალი ტალღის ნიშნებია ევროპაში. ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორის, ჰანს კლუგეს ინფორმაციით, მსოფლიოს 10 ქვეყნიდან, სადაც გასულ 24 საათში დაფიქსირდა კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა, 4 ევროპის რეგიონშია. ამასთან, კლებას განაგრძობს COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები. გასულ კვირაში, მსოფლიოში აღირიცხა 63 ათასზე მეტი ლეტალური შედეგი, რაც წინა კვირასთან შედარებით, 6%-ით ნაკლებია. პანდემიის პერიოდში, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 115 მილიონზე მეტი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 2.5 მილიონს აჭარბებს. სააგენტო Bloomberg-ის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, მსოფლიოს 108 ქვეყანაში გაკეთებულია ვაქცინის 265 მილიონზე მეტი დოზა. https://www.radiotavisupleba.ge/a/31130681.html #ახალი_ამბები #twitter #covid19_-_ახალი_ამბები