ერთი სურათის ისტორია - ედვარდ მუნკის კივილი

0
გადავწყვიტე ექსპრესიონიზმის ფუძემდებლის, ყველაზე ცნობილი ნორვეგიელი მხატვრის ედვარდ მუნკის სურათის „კივილი“-ს შექმნის ისტორიისა და მისი სიმბოლიზმის შესახებ გიამბოთ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ „კივილი“ - ცნობილი ნორვეგიელის ნამუშევართა სერიას წარმოადგენს. ამ ცნობილი ნაწარმოების ყველაზე ადრეული გრაფიკული ვერსია 1893 წლით თარიღდება. „კივილი“-ს სამი ვერსია მუნკის სამშობლოში ინახება, მეოთხე კი 2012 წელს აუქციონზე რეკორდულ 119, 9 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი არტ-გამოსახულება მსოფლიოში. როგორ დაიბადა ამ ტილოს შექმნის იდეა? 1891 წელს მხატვარი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ეკებერგის მთის გადმოსახედზე, საიდანაც ოსლოს მშვენიერი ხედი იშლებოდა. საკუთარ დღიურში ის წერდა: „გზაზე მეგობრებთან ერთად მივდიოდი. მზე ჩადიოდა. უცებ ცა სისხლის ფერი გახდა. სევდამ შემიპყრო. ფიორდი და ქალაქი ალში იყო გახვეული. მეგობრებს ჩამოვრჩი. შიშისგან ვკანკალებდი და უცებ ბუნების კივილი გავიგონე“. ამ მომენტის მხატვრული ასახვა თავდაპირველად გახდა 1893 წლის ნახატი სახელწოდებით „სასოწარკვეთილება“. მიუხედავად ამისა, მუნკი აგრძელებდა ექსპერიმენტირებას და დახატა ახალი სურათი იგივე სახელწოდებით. ამ ნამუშევარზე მამაკაცის სახე ბევრად უფრო სევდიანი იყო. ამას კიდევ მოჰყვა გაგრძელება. მხატვარი სულ ახალ-ახალ ესკიზებს ხატავდა. ცოტა ხანში ცენტრალური ფიგურა ანდროგინური გახდა, პერსონაჟს კი, ღრმა მწუხარების გამომეტყველებით, თავი ხელებით უჭირავს. მომდევნო წლებში (1893-1910) მუნკი ამ ნახატის ახალ ვარიანტებს ქმნიდა - ასე გაჩნდა „კივილი“-ს ოთხი ვერსია, რომელიც ადამიანებზე საოცრად ძლიერ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდა. სურათის უკანა პლანზე დაინახავთ ორ ფიგურას, რომლისთვისაც აბსოლუტურად უცხოა ის, რასაც ძირითადი ფიგურა განიცდის. ცაში ნარინჯისფერი ჭარბობს, პეიზაჟი კი ნახევრად გამჭვირვალე სინათლითაა განათებული. ფუნჯის თითოეული მოსმით მუნკი ცდილობს გამოხატოს სევდა და სასოწარკვეთილება, რომელიც საკუთარ აპოგეას წინა პლანზე მდებარე ფიგურაში აღწევს. „კივილი“ იმ ეგზისტენციალური უბედურების სიმბოლოდ იქცა, რომელსაც ადამიანი 19-20 საუკუნეების მიჯნაზე განიცდიდა; მის მარტოობას და გულგატეხილობას. მკვლევრების ნაწილი თვლის, რომ „კივილი“ - ეს არის ბუნების სასოწარკვეთილება, რომელსაც მთავარი ფიგურა განასახიერებს. სხვები შედევრს უნიკალურ მიღწევას აწერენ: ხმის დაპყრობა ვიზუალური რითმის მეშვეობით. აქედან მოდის ერთ-ერთი მთავარი არტ-დებატი ამ ნახატის გარშემო - ყვირის ეს ფიგურა თუ მას ყვირილი ესმის? თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
#ედვარდმუნკი
#კივილი
#ერთისურათისისტორია
#ექსპრეისონიმზი
#ხელოვნება
#ნახატები
#მხატვრობა
Tbilisi
0