რატომ ეწოდა თბილისურ ეზოებს იტალიური?

0
იტალიური ეზო ქალაქ თბილისისთვის დამახასიათებელი სოციალურ-კულტურული სივრცეა, რომელიც სპეციფიკური არქიტექტურის ეზოებში წარმოიშვა, თუმცაღა კულტუროლოგ ცირა ელისაშვილის განცხადებით, სინამდვილეში იტალიური ეზო არ არსებობს, არამედ არსებობს თბილისური ეზო, რომელიც სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი ოჯახების თანაცხოვრებით დამკვიდრდა თბილისში. მისი თქმით, ტერმინი , , იტალიური ეზო”, კომუნისტური მმართველობის პერიოდში გაჩნდა, როცა ერთ სახლში, რამდენიმე ოჯახი შეასახლეს და ეზოები სხვანაირად ახმაურდა. ეს ხმაური იტალიას დაუკავშირეს. ამაზე გარკვეული გავლენა იქონია ნეორეალიზმის პერიოდის ტალიურმა კინემატოგრაფიამ და თბილისურ ეზოებს ამგვარად იტალიური ეზო დაარქვეს. , , სინამდვილეში იტალიური ეზო არ არსებობს, ეს თბილისური ეზოა.  თბილისის ძველ უბნებში, შენობათა უმრავლესობა ევროპული სტილისაა, მაგრამ ევროპაში არსებული შენობებისგან განსხვავებული. ვინაიდან თბილისში ევროპული ფასადი ქუჩის მხარეს გამოდის, ხოლო შიდა ეზო და გეგმარება, თბილისურია. ეს არის სხვადასხვა სტილის თანაცხოვრება, რომელიც დამკვიდრდა, როგორც თბილისური ეზოს და არა იტალიური ეზოს სტილის სახელით”, - აცხადებს ცირა ელისაშვილი. იტალიური (თბილისური) ეზოების უმეტესობა, რომელიც თბილისში გვხვდება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქალაქის განუმეორებელ არქიტექტურულ იერსახეს.
#იტალიურიეზო
#თბილისი
#არქიტექტურა
#კულტურა
#tbilisidaily
0