მოქალაქეთა გარკვეული კატეგორია „სითი პარკის“ ჯარიმებისგან გათავისუფლდება
Tbilisi Daily
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომლითაც მოქალაქეები კომპანია „სითი პარკის“ ჯარიმებისგან თავისუფლდებიან, პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის თანახმად, ის პირები, რომლებმაც 2018 წლის 10 აპრილამდე ჩაიდინეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და რომელთაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირის მიერ დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა ან საურავი, თავისუფლდებიან აღნიშნული ჯარიმისა და საურავის გადახდისაგან.
ზაზა გაბუნიას განცხადებით, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება ვრცელდება ადმინისტრაციული სახდელისა და საურავის მხოლოდ აღუსრულებელ ნაწილზე ანუ, ეს ამინისტია ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ დრომდე ჯარიმა და საურავი არ გადაუხდიათ.
„ეს გადაუხდელი ჯარიმები რჩებოდა მნიშვნელოვან ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემად მოქალაქეებისათვის და ჩვენი ამ გადაწყვეტილებით, ამ კანონის პროექტით აღნიშნული დავალიანების მქონე მოქალაქეები ამ ცვლილებების საფუძველზე გათავისუფლდებიან ჯარიმის, საურავის და აღსრულების ხარჯებისაგან“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
აღნიშნული სახდელების (ჯარიმებისა და საურავების) ჯამური თანხა დაახლოებით 850 000 ლარია.