,,რაიონში ამბობდნენ, რომ ეგ რა ქალია, ქმარი დააჭერინა, ჩხუბი ყველა ოჯახშია"
Kutaisi Daily
ცოლ-ქმარი, შვილები, ჩხუბი, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, უძილო ღამეები და გაუთავებელი ემოციური წნეხი – ეს მოძალადისა და ძალადობის მსხვერპლთა ყოველდღიურობაა მანამ, სანამ ითმენენ, დუმან და სამწუხარო რეალობისთვის თვალის გასწორებას ერიდებიან.
თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში დგება დრო, როცა მსხვერპლები დუმილს არღვევენ. სარგებლობენ კანონით მინიჭებული უფლებით და უბრალოდ, მშვიდი ცხოვრების დასაწყებად იბრძვიან.
126-ე პრიმა მუხლი ისაა, რაც მოძალადეს ციხეში უშვებს, ხოლო მსხვერპლს თავისუფლების შანსს აძლევს.
ასე იყო „პრაიმტაიმის” რესპონდენტისთვისაც. ხარაგაულში მცხოვრები ახალგაზრდა, მრავალშვლიანი ქალი 12 წელი ძალადობის მსხვერპლი იყო. თამუნა შერმაზანაშვილს და მის მეუღლეს ხუთი შვილი შეეძინათ.
ამბობს, როცა ალკოჰოლს იღებდა, მხოლოდ მაშინ გვეჩხუბებოდა, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდა. სულ დაძაბული ვიყავი, ისეთი რამ არ მეთქვა, ან არ გამეკეთებინა, რაც გააღიზიანებდა და მორიგი სკანდალი ატყდებოდაო.
დიდხანს, მრავალი წელი ითმენდა თამუნა ისე, როგორც ასობით ან ათასობით ქალი ითმენს, მალავს, არ ამბობს, არ სარგებლობს კანონით, რომელიც ოჯახში ძალადობისგან თითოეულ წევრს იცავს.
მორიგი ძალადობის ფაქტის დროს, თამუნას დედამ 112-ში დარეკა და პოლიციას დახმარება სთხოვა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თამუნამ არ მოატყუა. აღიარა, რომ წლების განმავლობაში იტანდა მოძალადე მეუღლეს. მაშინ, თამუნა 31 წლის იყო.
მის მეუღლეს ოჯახში ძალადობის ფაქტის დადასტურების შემდეგ, პატიმრობა შეუფარდეს. ორი თვის შემდეგ, ისევ თამუნას გადაწყვეტილებით და პრობაციის სამსახურთან თანამშრომლობით, მისმა მეუღლემ საპატიმრო დატოვა.
წყვილმა იმავე დღეს, თანაცხოვრება ისევ ერთად განაგრძეს. თამუნა ამბობს, რომ მეუღლემ მოინანია თავისი საქციელი, გააცნობიერა დანაშაული და მეუღლეს შეპირდა, რომ აღარასოდეს განმეორდებოდა ის, რაც მანამდე ხდებოდა.
ახლა, ახალგაზრდა ქალი ყვება, რომ მეუღლე მიცემულ პირობას პირნათლად ასრულებს და ამით ოჯახი მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობს.
მეუღლეს კი, არცერთი საყვედური არ უთქვამს, აღიარებს თავის დანაშაულს და მადლობას მიხდის, რომ პოლიციას სიმართლე ვუთხარიო, – ამბობს.
თამუნა თითოეულ ძალადობის მსხვერპლს დუმილის დარღვევისკენ და კანონით სარგებლობისკენ მოუწოდებს.
ის ამბობს, რომ ქმრის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით მას მეუღლე არ დაუსჯია და სამართალი ჭკუის სასწავლებლად გამოიყენა… ამბობს, რომ რაიონში აკრიტიკებდნენ – ქმარი დააჭერინაო, მასთან კავშირი გაწყვიტეს ქმრის ოჯახმაც. ამბობს, ჩემი ამბით მხოლოდ მული ინტერესდებოდა და თანამიგრძნობდა, როგორც ქალსო…
„12 წელი ძალადობის მსხვერპლი ვიყავი ქმრის მხრიდან. ამდენ ხანს იმან გამაძლებინა, რომ ქმარი მხოლოდ სიმთვრალეში ჩხუბობდა და ამას სისტემატიური ხასიათი არ ჰქონდა ბოლო პერიოდამდე.
როცა გახშირდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევები, თვითმკვლელობაც კი ვცადე, მაგრამ გადავრჩი. დედაჩემმა მორიგი ჩხუბისას პატრულში დარეკა. როცა პოლიცია მოვიდა არაფერი არ უარვყავი. ქმარი ციხეში ჩასვეს. ვიცოდი, რომ გულის სიღრმეში კარგი ადამიანი იყო. მისი ხასიათის ცვლილება ეკონომიკურ სიდუხჭირეს უკავშირდებოდა. ყველაფერს ცდილობდა და არაფერი გამოსდიოდა.
პატიმრობიდან ორი თვე იყო გასული, როცა ჩემი ინიციატივით, ის ციხიდან გამოუშვეს და იმავე დღეს, ერთად გავაგრძელეთ ცხოვრება. არასოდეს უსაყვედურია, პირიქით – ამბობს, რომ სწორად მოვიქეცი. იქ ყოფნის პერიოდი დაეხმარა, გაეცნობიერებინა რამდენად რთულ პირობებში ვცხოვრობდით მე და ჩვენი ხუთი შვილი.
პატიებას გვთხოვს და ახლა, ყველაფერს აკეთებს, რომ ის მწარე დღეები დაგვავიწყოს. უკვე თითქმის ერთი წელია, რაც თავის პირობას ასრულებს. სვამს კიდეც, როცა სადმე იკრიბებიან და შესაბამისი სიტუაციაა, მაგრამ არა ისე ზღვარგადასულად, როგორც – მანამდე.
ყველა ქალს მინდა ვთხოვო, ისარგებლეთ კანონით, დაიცავით თავი და არავის მისცეთ უფლება, მუმივად დაგამცირონ, გცემონ… არ შეგეშინდეთ გაჭირვების, ქმართან ერთად გაჭირვებული ვიყავი, მისი დაპატიმრების შემდეგ კი, ღატაკი გავხდი, მაგრამ გავუძელი…
მთავარი ოჯახში სიმშვიდეა. ჩემი ოჯახი სოციალურად დაუცველია, არაფერი გვებადა და მაინც ვიბრძოლე უკეთესი მომავლისთვის, რომელიც მორალურად მართლად უკეთესი გახდა. მე ამ კანონით ჩემი ქმარი არ დამისჯია, მან ჭკუა ისწავლა, ჩვენ კი – მშვიდად ცხოვრება.
გარდა მატერიალური პრობლემებისა, ურთიერთობების პრობლემაც დამიდგა, სანამ ქმარი ციხეში იყო. რაიონში ამბობდნენ, რომ ეგ რა ქალია, ქმარი დააჭერინა, ჩხუბი ყველა ოჯახშია და ა.შ.
ზურგი მაქცია მეუღლის მშობლებმაც, არ მოვუკითხივართ მან, მაგრამ მათიც გავიგე – შვილის პატიმრობა ეტკინათ… მხოლოდ ჩემი მული მაკითხავდა, მას აინტერესებდა, როგორც ძმის ბედი, ისე – ჩვენი ყოველდღიურობა.
ახლა, იმდენად ბედნიერები ვართ და იმდენად კარგად ვართ, რომ ერთად ბეტონსაც კი ვზელთ და ამას მთელი რაიონი ხედავს. ისინიც, ვინც მაკრიტიკებდნენ. ისევ გვიჭირს, არ ვიცი შვილებს სექტემბერში სკოლა რომ დაიწყება, რა ჩავაცვა, არ ვიცი, რა ვაჭამო და რა გავაკეთო, მაგრამ რაც მთავარია, ოჯახში მშვიდობაა…” – ამბობს თამუნა შერმაზანაშვილი.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#სიახლე
#ძალადობა
#ოჯახურიძალადობა
#ხარაგაული
#kutaisidaily
წყარო - primetime.ge
#ახალიამბები