როგორ აღინიშნება ღვთისმშობლის წილხვედრილობის დღესასწაული

0
ღვთისმშობლის წილხვედრილობის დღესასწაული მთელი კვირის მანძილზე აღინიშნება. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მან ამასთან დაკავშირებით განჩინება გამოსცა. „ეს არის უდიდესი დღესასწაული, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა. ჩვენ დღეს შევასრულებთ სამადლობელ პარაკლისს და მადლობას შევსწირავთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ამისთვის იყო განჩინება დაწერილი ჩემ მიერ, რომ მთელი კვირა იქნება დღესასწაული წილხვედრილობის. მთელი კვირის განმავლობაში ქართველი ერი იზეიმებს ამ დიდ დღესასწულს. დალოცვლი იყავით, გაიხარეთ ორსავე სოფელსა შინა“, -განაცხადა პატრიარქმა. ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის - იმედის დღესთან და ამავდროულად, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვა ჩატარდა. 12 მაისს საქართველოში წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება. ბიბლიური ლიტერატურის თანახმად, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას ღვთისმშობელმა მოუწოდა და ამცნო, რომ წმ. ანდრიას ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა. წმინდა მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს.
0