მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია !

0
აფხაზეთის დაკარგვა და რუსეთის მიერ პროვოცირებული ომი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა ქართველებისთვის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი ომის გმირები, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად, ბოლომდე იბრძოდნენ ჩვენი მიწის დასაცავად და არ დახარეს თავი იმპერიალისტი რუსეთის წინაშე. დღეს წარმოგიდგენთ ინტერვიუს აფხაზეთის ომის ვეტერან, თემური ცაავასთან, რომელიც 23-ე მექანიზირებულ საზენიტო დევიზიონში იბრძოდა. -ომის დაწყებამდე, რა ვითარება იყო აფხაზეთში ? თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, მეც ინსტიტუტში ვსწავლობდი, ადამიანებს შორის არ იყო დაძაბულობა, თუ არ ჩავთვლით კონკრეტული პროვოკატორების საქციელს. რაც შეეხება პოლიტიკურ ვითარებას, აშკარად იგრძნობოდა დაძაბულობა. უკვე მაშინ, რუსეთის მიერ პროვოცირებული პოლიტიკა მიმდინარეობდა. თითქოს აფხაზებს დააჯერეს, რომ ბატონები არიან და სურდათ, რომ ე.წ "დამოუკიდებლობა" მიეღოთ. იყო აფხაზებში ისეთი რადიკალი სეპარატისტები, რომლებიც ითხოვდნენ აფხაზეთის გამოყოფას საქართველოს შემადგენლობიდან და ცალკე რესპუბლიკის შექმნას. თუმცა ეს აზრი თავში მათ თვითონ არ მოსვლიათ, არამედ ასე დააჯერეს. -თქვენი აზრით, რისი ბრალი იყო პოლიტიკური დაძაბულობა და ვინ იყო ამის მთავარი მიზეზი ? მე ვფიქრობ, რომ დაძაბულობა ინსპირირებული იყო რუსეთის მხრიდან, მათი იმპერიალისტური პოლიტიკის გამო. მათი დევიზია დაშალე და იბატონე. არ მოსწონდათ, რომ საქართველოზე ძალაუფლება დაკარგეს, დამოუკიდებლობა რომ მივიღეთ ამდენი წლის შემდეგ, სწორედ ამიტომ, ყველა შესაძლო ხერხით ცდილობდნენ შუღლი გამოეწვიათ ჩვენში. ხდებოდა პროვოკაციული ქმედებები, აი მაგალითად, რამდენიმე სარკინიგზო ხიდის აფეთქება მოხდა, უშუალოდ ერთი მათგანი იყო ჩვენი სოფლის ტერიტორიაზე, როგორც მახსოვს, ეს აფეთქება დილით ადრე მოხდა. გარდა ამისა, შეიქმნა აფხაზეთის შეიარაღებული ძალების ჯარი, რომელიც არ ემორჩილებოდა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას. -ომის გამოცხადების დროს, რა ვითარება იყო თქვენს ოჯახში, სოფელში, აღგვიწერეთ თქვენი ფიქრები და განცდები. ოჯახი, ისევე როგორც მთელი სოფელი დაძაბული იყო. გვქონდა შიში, რომ ოჯახში სამეგობროში და ა.შ. მსხვერპლი არ ყოფილიყო. ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ რთული იყო იმ ადგილების განადგურების ყურება, სადაც ვიზრდებოდით, ვატარებდით დროს, ვმუშაობდით, ვშრომობდით. ჩვენი შრომით შექმნილი თითოეული ნაწილი ჩვენს თვალწინ იწვოდა და ნადგურდებოდა. ჩვენ, მეომრებს უკან არ დაგვიხევია, ვიბრძოდით მხოლოდ ერთი იდეით, რომ არ დაგვეთმო ჩვენ მიერ ნაშენები ტერიტორია ტერორისტი რუსებისათვის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ომში მეომრებს არაფრის შიში არ გვქონდა და ბოლომდე ვიბრძოდით. -რა ვითარება იყო ჯარისკაცებში? ჯარი მეტ-ნაკლებად მომარაგებული იყო იარაღით და ტყვია-წამალით, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანია ის საბრძოლო სული, რომელიც ჩვენ გვქონდა. არ გვეშინოდა სიკვდილის, რადგან სამშობლოს დასაცავად და ჩვენი ოჯახების დასაცავად ყველაფრისთვის მზად ვიყავით. ჩვენთვის პრიორიტეტი იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, რომლებზეც რუსებს არ აქვთ უფლება იბატონონ. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ ომი მშვიდობიანად დასრულებულიყო და არ ყოფილიყო ქართველებს შორის დიდი მსხვერპლი. ჩვენ ვებრძოდით ჩრდილოეთიდან წამოსულ მტრებს, რადგან სწორედ მათი მიზეზით მოხდა ყველაფერი. -ომის დროს განვითარებული მოვლენებიდან რას გაიხსენებდით ? დროებითი "პერემირია" იყო. გუმისტაზე, სადაც ჩვენ პოზიციებს ვამაგრებდით, მეორე მხარეს აფხაზური ძალები იდგა. ვაკვირდებოდით, როგორ დადიოდნენ ტერიტორიაზე აფხაზები და რუსები, თუმცა ტყვია "პერემირიას" დასრულებამდე არ გასროლილა. შემდეგ მოხდა ის, რასაც არ ველოდით. აღმოჩნდა, რომ "პერემირია" ტყუილი იყო, ჩვენ დაგვათმობინეს იარაღი, შეგვასუსტეს, იმედი გაგვიჩინეს და ამ დროს ისევ გაიხსნა ცეცხლი. ჯარისკაცები რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით და ამ დროს მხოლოდ საბრძოლო სული საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ჯარის მობილიზაცია მთლიანად ვერ მოხდა, მძიმე არტილერია თითქმის გაყვანილი იყო სოხუმიდან, ჩვენ იმით ვიბრძოდით, რაც იქამდე გვქონდა შერჩენილი და ასე ვიცავდით სოხუმს, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. -რა გზით დატოვეთ აფხაზეთის ტერიტორია? მე პირადად და ჩემი ბატალიონის ბიჭები, სოხუმის დაცემის მეორე დღეს სვანეთის გზით გადმოვედით. არ მახსოვს რამდენი დღე მოვდიოდით, იყო საშინელი სიცივე, განსაკუთრებით ღამის საათებში, არ გაგვაჩნდა არანაირი პროდუქტი. ხალხი სწორედ ამ გზით მოდიოდა. სამწუხაროდ გადმოსვლის დროს ბევრი გარდაცვლილიც ვნახე. -როგორი შეგრძნება იყო საკუთარი სახლ-კარის დატოვება ? საშინელი შეგრძნება იყო, არ მჯეროდა რომ სახლ-კარი დაკარგული იყო. მაშინაც, და ახლაც მჯერა, რომ აუცილებლად დავუბრუნებთ ჩვენს მიწა-წყალს. სულ ის შეგრძნება მქონდა, რომ ეს დროებითი იყო. -ახლა რას ფიქრობთ აფხაზეთზე და როგორ შეაჯამებდით მთელ ბრძოლას ? ვფიქრობ, რომ ომი არ უნდა მომხდარიყო, ჩვენ უნდა გვეპოვა საერთო ენა და აუცილებლად ვიპოვიდით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან, რომ არა პროვოკატორი, ჩრდილოეთიდან წამოსული ტომები, აფსუები, რუსები და ის ადამიანები, ვისაც ჩვენ მიერ ნაშენები სახლ-კარის დაპატრონება სურდა. ჩვენ, ქართველებს ეს არ უნდა დაგვეშვა. მე ახლაც მჯერა, რომ აფხაზეთს დავიბრუნებთ, რადგან მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია !
#აფხაზეთი
#საქართველო
#რუსეთიოკუპანტია
#ომი
#ვეტერანი
#პოლიტიკა
#გმირები
0