BBC: ირანული ავიაკომპანიის როლი COVID-19-ის პანდემიის პროცესში

0
ირანულმა ავიაკომპანია Mahan Air-მა სავარაუდოდ ახლო აღმოსავლეთში კორონავირუსის გავრცელებას შეუწყო ხელი. იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ირანთან საჰაერო მიმოსვლა აკრძალა, კომპანიას ფრენები მაინც არ შეუწყვეტია. როგორც ცნობილია, Mahan Air, სახელმწიფო აკრძალვების მიუხედავად, აგრძელებდა ავიამიმოსვლას ერაყის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, სირიის და სხვა ქვეყნების მიმართულებით. ოფიციალურმა თეირანმა 31 იანვარს სრულად შეაჩერა ფრენები ჩინეთის მიმართულებით. თავის მხრივ, ზოგიერთმა სახელმწიფომ თებერვალსა და მარტში, ირანის მიმართულებით ნებისმიერი სახის ავიამიმოსვლა შეაჩერა, მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების მსხვილ კერად იქცა. ზემოხსენებულის მიუხედავად, Mahan Air განაგრძობდა ფრენებს, რითაც საფრთხეს უქმნიდან როგორც მგზავრების, ასევე ეკიპაჟების ჯანმრთელობას. რას წარმოადგენს Mahan Air? - Mahan Air „კერძო“ ირანული ავიაკომპანიაა, რომელიც ფლობს 55 ერთეულ თვითმფრინავს და წლის მანძილზე 5 მლნ. მგზავრის გადაყვანას ახორციელებს მსოფლიოს 66 წერტილიდან. როგორც ცნობილია, Mahan Air ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ არის დაკავშირებული. შეერთებული შტატები 2011 წლიდან ადანაშაულებს კომპანიას სხვადასხვა მიმართულებით იარაღის გადატანასა და „გუშაგთა კორპუსის“ პირადი შემადგენლობის გადაყვანაში, რის გამოც, მას ეკონომიკური სანქციები აქვს დაწესებული. Mahan Air მხარს უჭერს ირანის ოპერაციებს სირიაში, ლიბანსა და ერაყში - ქვეყნებში, სადაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ აქვს კავშირები. სამედიცინო რეკომენდაციების იგნორირება - როგორც ლიბანელ და ერაყელ წყაროებზე დაყრდნობით დადასტურდა, ამ ქვეყნებში COVID-19-ის ინფიცირება სწორედ Mahan Air-ის ფრენების შედეგად გავრცელდა. 19 თებერვალს, ერაყელი სტუდენტი Mahan Air-ის რეისით W55062, თეირანიდან ერაყის ნაჯაფში ჩაფრინდა. 24 თებერვალს, სწორედ ეს პიროვნება გახდა პირველი ოფიციალურად რეგისტრირებული, კორონავირუსით ინფიცირებული შემთხვევა ერაყის ტერიტორიაზე. 20 თებერვალს, ლიბანის მოქალაქე, თეირანიდან სამშობლოში დაბრუნდა Mahan Air-ის რეისით W5112. 21 თებერვალს, სწორედ იგი გახდა პირველი ოფიციალურად რეგისტრირებული ინფიცირებული ლიბანის ტერიტორიაზე. აღნიშნულის მიუხედავად Mahan Air კვლავ აგრძელებდა ავიამიმოსვლებს. ერაყის ხელისუფლებამ ირანთან საჰაერო მიმოსვლა 20 თებერვალს „შეაჩერა“. შეჩერების შემდეგ, ოფიციალური ბაღდადის ნებართვით, კომპანიამ მინიმუმ 15 ფრენა განახორციელა. როგორც ერაყის ხელისუფლება აცხადებდა, აღნიშნული რეისები რეპატრიაციის მიზნით ხორციელდებოდა და აღნიშნული ნებართვა ერაყის სამოქალაქო ავიაციის ორგანოს მიერ იყო გაცემული. აქვე ხაზგასმული იყო, რომ ერაყსა და ირანს შორის კვლავ არსებული ავიამიმოსვლის მიუხედავად, ირანელ მგზავრებს ამ სახელმწიფოში შესვლის უფლება არ ეძლეოდათ. ფრენები ირანსა და ჩინეთს შორის - კორონავირუსული პანდემიის პიკის პროცესში, Mahan Air რეისებს ასრულებდა ჩინეთის 4 დიდი ქალაქის - პეკინის, შანხაის, გუანჟოუსა და შენჩჟენის მიმართულებებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ოფიციალურ თეირანს ნება უნდა დაერთო კომპანიისთვის, დაერღვია 31 იანვარს, მათ მიერ მიღებული ზომები, ჩინეთის მიმართულებით ავიამიმოსვლის აკრძალვაზე. Mahan Air-მა ჩინურ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ფოტომასალა, სადაც მითითებული იყო, რომ იანვრის ბოლოდან 20 აპრილამდე, მათ 6 ფრენა შეასრულეს, რა დროსაც ჰუმანიტარული დახმარება გადაზიდეს. კიდევ 4 ფრენა კი, ავიაკომპანიის განმარტებით, ჩინეთიდან ირანის მოქალაქეების ევაკუაციისთვის იყო განკუთვნილი. ამ მიზნით ბოლო ფრენა მათ 5 თებერვალს შეასრულეს. Mahan Air-ის ოფიციალური განცხადებებისა და ფრენების თაობაზე ინფორმაციის შემდგომი ანალიზის შედარებებისას, ცნობილი გახდა, რომ ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის მიუხედავად, 157 ფრენა განხორციელდა. 31 იანვრიდან 20 აპრილამდე, Mahan Air იყო ერთადერთი ავიაკომპანია, რომელიც ირანსა და ჩინეთს შორის პირდაპირ ფრენებს აგრძელებდა. კორონავირუსული პანდემიის პიკის დროს, ზემოხსენებული კომპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ირანიდან სხვადასხვა ქვეყნებში მგზავრთა გადაყვანის პროცესში. სირიამ ოფიციალურ დონეზე 8 მარტს შეაჩერა ირანთან ფრენები, თუმცა აკრძალვის შემდეგ, Mahan Air-მა ამ ქვეყანაში კიდევ 8 ფრენა განახორციელა. დამატებით, კომპანიამ 37 ფრენა დუბაის, 19 თურქეთის და კიდევ 18 სხვა მიმართულებით შეასრულა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: Mahan Air: how with the help of one airline Covid-19 flew around the Middle East (05.05.2020), www.bbc.com
#coronavirus
#Iran
#China
#Mahan
#Air
#headline
0