ბრიტანული დაზვერვა: რუსეთი მობილიზაციისას წააწყდება მატერიალურ-ტექნიკურ პრობლემებს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ბაზებზე უკვე ჩაიყვანეს მობილიზებულთა პირველი ჯგუფები. მობილიზაციის მიზნით გაცემულია ათეულობით ათასი უწყება. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, ამ პროცესში რუსეთი წააწყდება ადმინისტრაციულ და გაწვეულთა მომზადებასთან დაკავშირებულ მატერიალურ-ტექნიკურ პრობლემებს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, დასავლეთის შეიარაღებული ძალებისგან განსხვავებით, რუსი სამხედროები ჯარისკაცების საწყის მომზადებას ატარებენ დაბალი დონის ოპერატიულ ქვედანაყოფებში და არა სპეციალურ სასწავლო დაწესებულებებში. ამასთან, როგორც წესი, რუსეთის არმიის ყველა ბრიგადიდან გარნიზონში ტოვებენ ერთს, თუ ორი სხვაგანაა გადასრლილი, ინსტრუქტორების მიერ ახალწვეულების მოსამზადებლად, თუმცა, რუსეთს ამ მესამე ბატალიონების დიდი ნაწილიც უკრიანაში ჰყავს გაგზავნილი. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, სამხედრო ინსტრუქტორების სიმცირის და რუსეთის მიერ მობილიზაციის ნაჩქარევად დაწყების გამო, ბევრ ახალგაწვეულს ფრონტის ხაზზე გაგზავიან მინიმალური მომზადებით. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" 21 სექტემბერს გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრ შოიგუს მტკიცებით, მობილიზაცია ეხება 300 ათას რეზერვისტს. გამოცემა "Новая газета" რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თავის წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინის განკარგულების გასაიდუმლოებული მუხლი მილიონი ადამიანის გაწვევას ითვალისწინებს.  21 სექტემბრიდან რუსეთის ქალაქებში დაიწყო მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლებიც, რომლებიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა და აქციის მონაწილეები დააკავა. პუტინის მიერ "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოაცხადების შემდეგ, რუსეთის აეროპორტები და სახმელეთო საზღვრები გაივსო ქვეყნიდან წასვლის მსურველებით. მათ შორის, ავტომობილების რიგი დადგა საქართველოსთან საზღვარზე. https://www.radiotavisupleba.ge/a/32052079.html

Source: radiotavisupleba.ge