სხვა ენაზე შესრულებული 10 ცნობილი კომპოზიცია

0
10. Blur - To the End (French Version) ლონდონური ბრიტპოპ კოლექტივის ამ კომპოზიციის ორიგინალ ვერსიაში ტექსტის დიდი ნაწილი მუსიკოსებისთვის მშობლიურ, ინგლისურ ენაზეა დაწერილი, მცირე მონაკვეთი კი, რომელსაც საკულტო არტ პოპ ბენდის, Stereolab-ის წევრი, ლეტისია სადიე ასრულებს, ფრანგულად. მოგვიანებით Blur-მა სიმღერა მხოლოდ ფრანგულენოვანი ტექსტის თანხლებითაც ჩაწერა. 1995 წელს კი ტრეკის კიდევ ერთი, ორენოვანი ვერსია გამოიცა სახელწოდებით To the End (La Comedie), რომლის ჩაწერისას დეიმონ ალბარნსა და კომპანიას პარტნიორობა ლეგენდარულმა ფრანგმა არტისტმა, ფრანსუაზა არდიმ გაუწია. 9. Nena - 99 Red Balloons გერმანული ჯგუფის გიტარისტს, კარლო კარგესს ამ კომპოზიციის შექმნა The Rolling Stones-ის მიერ ბერლინში 1982 წელს გამართულმა კონცერტმა შთააგონა. შოუს დასასრულს ცაში გაშვებული ბუშტები მუსიკოსმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს მიამსგავსა და წარმოიდგინა, რა მოხდებოდა, მათ რომ კედლის მეორე მხარეს, აღმოსავლეთ გერმანიაში გადაეფრინათ. სიმღერის 99 Luftballons გამოცემიდან მცირე ხანში კოლექტივმა მისი ინგლისურენოვანი ვერსიაც გაავრცელა. თუმცა, მუსიკოსები ჩანაწერით უკმაყოფილო დარჩნენ. მათი აზრით, თარგმანში კომპოზიცია სულელურად ჟღერდა და ამიტომაც კონცერტებზე მას ყოველთვის გერმანულ ენაზე ასრულებდნენ. 8. ABBA - Waterloo შვედური პოპ ბენდისთვის Waterloo პირველი სინგლი იყო, რომელიც ABBA-ს სახელით გამოიცა. 1974 წელს ჯგუფმა "ევროვიზიის" კონკურსზე სწორედ ამ კომპოზიციით მიიღო მონაწილეობა და მშობლიურ ქვეყანას პირველი გამარჯვებაც მოუტანა, რამაც მათი შემდგომი საერთაშორისო პოპულარობა განაპირობა. მოგვიანებით მუსიკოსებმა ნამუშევარი გერმანულ, შვედურ და ფრანგულ ენებზეც ჩაწერეს. აღსანიშნავია, რომ ფრანგულენოვანი ვერსიის შექმნაში კოლექტივს პარტნიორობა მიუზიკლის "საბრალონი" ავტორმა, ლეგენდარულმა კლოდ-მიშელ შონბერგმა გაუწია. 7. The Rolling Stones - Con Le Mie Lacrime მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი ფიქრობდნენ, რომ As Tears Go By მათ მიერ შექმნილი ერთ-ერთი უსუსტესი სიმღერა იყო. თუმცა ლეგენდარული როკ ჯგუფის მენეჯერმა, ენდრიუ ოლდემმა მუსიკოსები დაარწმუნა, რომ საქმე პოტენციურ ჰიტთან ჰქონდათ. როგორც აღმოჩნდა, ოლდემი ამ შეფასებაში არ შემცდარა. მარტოსული ქალის პერსპექტივიდან დაწერილი კომპოზიცია თავდაპირველად 1964 წელს ჯაგერის იმდროინდელმა მეგობარმა გოგონამ, პოპულარულმა შემსრულებელმა, მერიან ფეითფულმა ჩაწერა. ბრიტანული კოლექტივის სინგლმა და მისმა იტალიურენოვანმა ვერსიამ კი მზის სინათლე მომდევნო წელს იხილა. 6. Einstürzende Neubauten - Blume დასავლეთ ბერლინში 1980 წელს ჩამოყალიბებულმა პოსტინდასტრიალ კოლექტივმა თავის მეექვსე სტუდიურ ალბომში Tabula Rasa შესული ეს კომპოზიცია ოთხ - გერმანულ, ფრანგულ, იაპონურ და ინგლისურ ენებზე ჩაწერა. ნამუშევრის თითოეული ვერსიის შექმნაში მონაწილეობა ავსტრალიელმა მუსიკოსმა, ანიტა ლეინმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ ლეინი მცირე დროის განმავლობაში ლეგენდარული ავსტრალიელი არტისტის, ნიკ ქეივის როკ ჯგუფის The Bad Seeds წევრი გახლდათ, რომელშიც Einstürzende Neubauten-ის ფრონტმენი, ბლიქსა ბარგელდიც მოღვაწეობდა. 5. Beyonce - Si Yo Fuera un Chico ბიონსე ნოულს-კარტერს საკუთარი კომპოზიციები ესპანურ ენაზე არაერთხელ გადაუმღერებია, თუმცა, განსაკუთრებით ეფექტურად ამერიკელ სუპერვარსკვლავს ეს 2008 წელს ჩაწერილი ნამუშევრის If I Were a Boy შემთხვევაში გამოუვიდა. 4. Kylie Minogue - Fie Toi Á Moi კომპოზიცია Confide in Me კაილი მინოუგის სოლო დისკოგრაფიაში, ალბათ, ყველაზე კარგი ნამუშევარია. ავსტრალიელი პოპვარსკვლავის მიერ შესრულებული, უნაკლო არანჟირებით გამორჩეული მულტიჟანრული ჩანაწერი 1994 წლის ჰიტად და კრიტიკოსების ფავორიტად იქცა. სტანდარტული პოპ შაბლონებისგან შორს მდგომი კომპოზიცია სავსებით სამართლიანად ითვლება გასული საუკუნის 90-იანი წლების ერთ-ერთ საუკეთესო სინგლად. სიმღერის ერთ-ერთ რემიქსში კაილიმ ტექსტი ფრანგულ ენაზე იმღერა, რაც მის ხმის ტემბრსა და შესრულების სპეციფიკურ მანერას ძალზე მოუხდა. 3. The Beatles - Komm Gib Mir Deine Hand ლივერპულური ოთხეულის კარიერაში ყველაზე გაყიდვადი სინგლის I Want to Hold Your Hand გერმანულ ენაზე ჩაწერის იდეა ლეიბლ EMI-ის მესვეურებს გაუჩნდათ. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ ვერც ეს კომპოზიცია და ვერც ჯგუფის პირველი ოქროს სტატუსის მქონე ტრეკი She Loves You ამ ევროპულ ქვეყანაში წარმატებას სხვა გზით ვერაფრით მიაღწევდა. The Beatles-ის წევრები, რომლებიც ტურნეს ფარგლებში პარიზში იმყოფებოდნენ, ამ გადაწყვეტილებას სიხარულით არ შეგებებიან, თუმცა ჯგუფის პროდიუსერმა, ჯორჯ მარტინმა მუსიკოსები მის მართებულობაში დაარწმუნა. ასე მოევლინა სამყაროს ლეგენდარული კოლექტივის ორი გერმანულენოვანი ნამუშევარი Komm Gib Mier Deine Hand და Sie Liebt Dich. 2. Kraftwerk - Dentaku რიგით მერვე სტუდიური ალბომის Computer World მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნესთვის ლეგენდარულმა დიუსელდორფულმა კოლექტივმა ნამუშევარში შესული კომპოზიციის Pocket Calculator გერმანული, ფრანგული, იტალიური და იაპონური ვერსიები ჩაწერა. მათ შორის ყველაზე საინტერესოდ სწორედ ეს უკანასკნელი ჟღერს, რომელიც ამომავალი მზის ქვეყანაში სახელწოდებით Dentaku გამოიცა. 1. David Bowie - Ragazzo Solo, Ragazza Sola როდესაც 1970 წელს იტალიელმა არტისტებმა დევიდ ბოუის ჰიტის Space Oddity რამდენიმე ქავერი გაავრცელეს, მისი ლეიბლის ხელმძღვანელებმა იფიქრეს, რომ ეს ამ ქვეყანაში სინგლის გაყიდვებს შეამცირებდა და ლეგენდარულ მუსიკოსს კომპოზიციის იტალიურენოვანი ვერსიის ჩაწერისკენ უბიძგეს. https://youtu.be/i
0