1989 წელს სრულიად პატრიოტული ეთნოკონფლიქტების დარეგულირების მიზნით დაარსდა ფორმირება “მხედრიონი”. თავდაპირველად “მხედრიონში” 40-მდე ახალგაზრდა გაწევრიანდა. მათ სამშობლოს წინაშე “ერთგულების” ფიცი დადეს : “მამულო ჩემო, ვფიცავ, ჩავდგე მხედრიონის რიგებში, აღვასრულო მცირე თუ დიდი დავალებანი მისნი, რათა შეჭურვილ ვიქნე ხილულთა თუ უხილავ მტერთა ზედა. ვფიცავ, მტლედ დავედო სამშობლოს და საჭიროების შემთხვევაში შევეწირო მისი გამოხსნის საქმეს. და თუ გადავედ მე ფიცსა ამასა, შეჩვენებულ მყოს ხალხმა”.
მხედრიონის იდეები თავდაპირველად იმდენად მიმზიდველი და კეთილშობილური ჩანდა, რომ მასში გაწევრიანებას ქართველი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლებიც არ თაკილობდნენ. მხედრიონელის მედალიონის ტარება ერთგვარ პატივადაც კი ითვლებოდა.
მაშინ “მხედრიონი” იყო არა პოლიტიკური გაერთიანება, არამედ გაერთიანება საბრძოლო ნიშნით. იგი ერთგვარად ევროპული “ორდენის” ანალოგს წარმოადგენდა იმ განსხვავებით, რომ ერვოპაში “ორდენები” რელიგიურ საწყისზე იქმნებოდა.
1990-იანი წლების დასაწყისში მხედრიონი უკვე შეიარაღებული გაერთიანება გახდა. მისი რიგები დღითიდღე იზრდებოდა. 1992 წლის მაისში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი მხედრიონის საპატიო წევრი გახდა.
1991 წელს მხედრიონმა მონაწილეობა მიიღო ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ მოწყობილ გადატრიალებაში. მომდევნო ორი წელიწადი კი დამხობილი ხელისუფლების მომხრეთა საპროტესტო აქციების დარბევაში მონაწილეობდა. იბრძოდა აფხაზეთის ომში. 1995 წელს მხედრიონი უკანონოდ გამოცხადდა და მისი საქმიანობა აიკრძალა, ხოლო მისი ლიდერები დააპატიმრეს.
#politic
#მხედრიონი#საქართველო#გადატრიალება#დანაშაულიი