რა ქნან უსახლკაროებმა, თუ კომენდანტის საათი დაარღვიეს?

0
რა ქნან ადამიანებმა, თუკი ფიზიკურად არ ფლობენ სახლს ან ოთახს, სადაც კომენდანტის საათის განმავლობაში გაჩერება შეუძლიათ? 22 მაისამდე არსებული კანონის თანახმად, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გარეთ გასვლა იკრძალება. ვინც მაინც გამოვა გარეთ, 3000 ლარის ჯარიმა ემუქრება. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი 6 წლით პატიმრობა შეიძლება შეეფარდოს. ანუ, თუ ადამიანი უსახკლაროა, ორ დღეში ციხეში შეიძლება აღმოჩნდეს. ბათუმში უსახლკარო მოქალაქე დააჯარიმეს იმის გამო, რომ სახლი არ აქვს და შესაბამისად, კომენდანტის საათის დადგომისას ის საცხოვრებელში ვერ წავა. გივი ტურაშვილი პროფესიით ტაქსისტია და ეს მისი ერთადერთი შემოსავლის წყაროა. ტელეკომპანია "მთავართან" ინტერვიუში მან განაცხადა, რომ პატრულმა კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმა და მას 3000 ლარის გადახდა დაეკისრა. განმეორებითი დაჯარიმების შემთხვევაში, ტურაშვილს 6 წლიანი პატიმრობა ემუქრება. გაურკვეველია, როგორ აირიდებს ტაქსისტი პატიმრობას, თუკი მას ფიზიკურად სახლ-კარი არ აქვს. არასამთავრობო სექტორი კრიტიკულად აფასებს არსებულ ვითარებას. "თუ ამ ადამიანებს არ აქვთ უფლება, ღამე საჯარო სივრცეში გაათიონ, მაგრამ, იმავდროულად, სხვაგან წასასვლელი არ აქვთ, გამოდის, რომ მათ საერთოდაც არსებობის უფლება არ აქვთ. მათი ყოფნა ყველგან უკანონოა, სადაც კი აქამდე შეეძლოთ გაჩერება, ხოლო სხვა სივრცე, სადაც წავლენ, არ არსებობს" - წერს ვახუშტი მენაბდე, საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ამავე ორგანიზაციის გვერდზე. პრობლემას ამძაფრებს ის, რომ ერთიანი ბაზა, სადაც ყველა უსახლკარო ექნებოდა სახელმწიფოს აღრიცხული, არ არსებობს. გამოწვევით საქართველოს სახალხო დამცველიც დაინტერესდა. მან განაცხადა, რომ "ზუსტი სტატისტიკის არქონის პირობებში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო პირების დროული იდენტიფიცირება და თავშესაფრით უზრუნველყოფა" და მოუწოდა მთავრობას, ასეთი ადამიანების ჰიგიენურ საჭირობებსაც მიაქციოს ყურადღება. პრობლემის მოგვარების მაგალითები უცხოურ პრაქტიკაში არსებობს. ასე, მაგალითად, "Independent" - ის ცნობით, ბრიტანეთში კომენდანტის საათი ეხება ყველას, თუმცა უსახკლარო პირებისთვის ეს შეზღუდვა არ მოქმედებს და ისინი კანონდარღვევისთვის არ ჯარიმდებიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უსახკლაროდ ცხოვრება კრიმინალური საქმიანობა ბრიტანეთში არ არის. ცხოვრების ასეთი წესის დეკრიმინალიზება დამატებით ფინანსურ რესურსს არ მოითხოვს, თუმცა ჰიგიენის ნორმების შენარჩუნებაზე სახელმწიფოს გარკვეული ხარჯების გაწევა მოუწევს. კომენდანტის საათის პირობებში შექმნილ სირთულეებზე საუბარი ადრეც იყო მთავრობის მხრიდან. კონფერენციაზე გიორგი გახარიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, განაცხადა ხარვეზების არსებობის შესახებ, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში გამკლავების მექანიზმების ან მოქალაქეების უფლებების შესახებ არაფერი უთქვამს. უსახკლარო ადამიანის დაპატიმრების შემთხვევაში ხომ არ ითვალისწინებს კანონი რაიმე სახის შეღავათს ან განსაკუთრებულ ზომას, ამ კითხვით შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ. თუმცა, შშს-მ წერილობითი მოთხოვნა ერთი დღის წინ იხილა და ამ დრომდე, არაფერი არ გვიპასუხა. როგორც ჩანს, შშს-ში ამაზე პასუხი არ აქვთ.
#უსახკლარო
#მნიშვნელოვანი
#დღის_თემა
#კანონი
#კომენდანტის_საათი
#news
#politics
#batumidaily
ავტორი: დავით ჯინჭარაძე
0