ნატო საქართველოსა და უკრაინასთან იმსჯელებს შავ ზღვაში ალიანსის პოზიციების გაძლიერებაზე
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
დღეს იწყება ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა, რომლის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში ნატოს პოზიციების გაძლიერებაა.
ორდღიანი შეხვედრის დაწყების წინ გამართულ ონლაინ-პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატომ უნდა გააგრძელოს შავ ზღვაში პოზიციების გაძლიერება ამ რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალის ზრდის ფონზე.
სტოლტენბერგის თანახმად, შავი ზღვის რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ნატოსა და მისი მოკავშირეებისთვის. გენერალური მდივნის თქმით, ნატო მჭიდროდ თანამშრომლობს მისთვის ფასეულ პარტნიორებთან, საქართველოსა და უკრაინასთან და სამომავლოდ გეგმავს მათთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთქმედებას.
იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დარღვევას.
გენერალური მდივნის ინფორმაციით, შავი ზღვის რეგიონში ნატოს ყოფნის გაძლიერებაზე 2 დეკემბერს იმსჯელებენ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა 1-2 დეკემბერს გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო, სხდომა ონლაინ-ფორმატით ჩატარდება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30977604.html
#ახალი_ამბები
#twitter