კარანტინში კითხვის დახვეწილი ტკივილი

0
"წიგნები — იმიტომ, რომ ისინი ჩვენს სრულ ყურადღებას ითხოვენ — შეიძლება, სოციალური დისტანცირებით გამოწვეული ფსიქოლოგიური წნეხის საუკეთესო ანტიდოტები იყვნენ", — ამერიკელი მწერალი, კონორ გუდვინი, კარანტინში წიგნების კითხვის სარგებელსა და გამოწვევებზე გვიყვება. ტერმინი ბიბლიოთერაპია პირველად The Atlantic-ის 1916 წლის სტატიაში, ლიტერატურული კლინიკა, გამოჩნდა. სამუელ მაკკორდ ქროთერსის მიერ დაწერილი ეს სახალისო ესე სატირის ჟანრშია შესრულებული და აღწერს ვიზიტს მეგობარ ბაგსტერთან, რომელიც "ბიბლიოფატურ ინსტიტუტს" მართავს. "წიგნი", — გვმოძღვრავს ბაგსტერი, — "შეიძლება იყოს სტიმულანტი, დამამშვიდებელი, გამაღიზიანებელი ან მომდუნებელი". ლექტორი წიგნებს, მათ მიერ მკითხველზე მოხდენილი ეფექტის მიხედვით, პაციენტებისთვის გამოწერილ წამლებს ადარებს. "წიგნის წაკითხვის შემდეგ ჩვენ თავს განსხვავებულად ვგრძნობთ და ხშირად განსხვავებულადაც ვიქცევით". სანამ ბაგსტერი ლექციას დაასრულებდეს, მას იმ პაციენტის სანახავად მიიხმობენ, რომელსაც "ომის ლიტერატურის ზედოზირება" მოუვიდა. ადრეც და ახლაც, ვინმესთვის წიგნის წამლად რჩევა თაღლითი მეწარმის ჯანმრთელობის ინდუსტრიაში საქმიანობასაც კი წააგავს. თანაც, ტელევიზიის ოქროს ხანად წოდებულ პერიოდში საერთოდ რატომ უნდა ავიღოთ წიგნი ხელში? მაგრამ კორონავირუსის კრიზისმა მოდუნება რთული გახადა — თუ შეუძლებელი არა. მსოფლიოს გარშემო ადამიანთა უმეტესობა კარანტინის გამო შენობებშია გამოკეტილი, რამაც ყოველდღიური რუტინები თავდაყირა დააყენა. ახლა, როცა ჩვეულ ყოფას დავშორდით, დრო გახდა მოლიპულიც და ჩამთრევი ქვიშასავით სქელიც. ამ სიცარიელის შესავსებად, იმ იღბლიანებმა, რომლებსაც სახლში დარჩენის ფუფუნება გვაქვს, უკვე ვუყურეთ Tiger King-ს, ვისწავლეთ გემრიელი პურის გამოცხობა და ზუმის მეშვეობით მეგობრებთანაც მოვაწყვეთ განსატვირთი საღამოები. მაგრამ კარანტინში რამდენიმე კვირის გატარების შემდეგ ზოგიერთი ჩვენგანი, შეიძლება, ისეთი საქმით დაკავების სურვილმა აიტანოს, რომელიც აქტიურ მონაწილეობას მოითხოვს; რაღაც ისეთით, რაც მთელ ჩვენს ყურადღებას დაიპყრობს და ბოლომდე ჩაგვითრევს. მაშინ, როდესაც სიტკომის ყურება ზედმეტად პასიური ხდება, შეიძლება, სულ უფრო გაგვიწიოს გულმა წიგნებისკენ — ზუსტად იმიტომ, რომ კითხვა ჩვენგან სრულ ჩართულობას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურული კლინიკა სატირად იყო ჩაფიქრებული, ის მაინც შეიცავს მყარ ჭეშმარიტებას: კითხვა თერაპიული შეიძლება იყოს. სინამდვილეში, ის, შესაძლოა, სოციალური დისტანცირებით გამოწვეული ფსიქოლოგიური წნეხის საუკეთესო ანტიდოტსაც კი წარმოადგენდეს.
#კარანტინი
#იზოლაცია
#კითხვა
#ლიტერატურა
#კულტურა
Tbilisi
0