პარლამენტის შენობის წინ რესტავრაცია დასრულდა
Tbilisi Daily
პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე რესტავრაცია დასრულდა.
თბილისის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, პარლამენტის წინ, დაახლოებით, 2 000 კვ.მ ფართობზე, მოხდა ძველი, ამორტიზებული ფილების დემონტაჟი, შეიცვალა წყალგაყვანილობა, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა.
ასევე, საკანონმდებლო ორგანოს წინ, მოეწყო რკინა-ბეტონის არმირებული ფილა და ჰიდროიზოლაციის ფენა, პერიმეტრი კაბელარხებით დაიქსელა და ტერიტორია მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, ფილებს შორის დამონტაჟდა დეკორატიული სანათი.
გარდა ამისა, ტერიტორიაზე შენარჩუნდა ის ფილები, რომელზეც 1989 წლის 9 აპრილს, მშვიდობიანი მომიტინგეების სისხლი დაიღვარა და რესტავრაცია ჩაუტარდა 9 აპრილის მემორიალს.
მერიის სამსახურების მიერ, დამონტაჟდა დეკორატიულიგანათება და განთავსდა სკამები, დაირგო 2000-მდე ნერგი, მათ შორის: ლოროპეტალუმი, მარადმწვანე ძახველი, ოლეანდრა, ფიტოსფორუმი, ბზა, როზმარინი, ვაციწვერა, ჭრელფოთოლა ლუგუსტრუმი, კვიდო.
მერიის ინფორმაციით, თარგებში მოეწყო წვეთოვანი სარწყავი სისტემა, განახლდა ტერიტორიაზე არსებული შადრევანი, გამოიცვალა აუზის განათება, განახლდა ელექტროსისტემა და შადრევნის წინა ფასადი, აუზის იატაკზე მოეწყო მოზაიკა და მოეწყო ახალი გარეგანათების ქსელი.