მერკელმა ომის განმავლობაში საჯაროდ პირველად დაუჭირა მხარი უკრაინას

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა, 24 თებერვლის შემდეგ პირველად დაგმო საჯაროდ რუსეთის მიერ დაწყებული ინტერვენცია და მხარი დაუჭირა უკრაინას. 1 ივნისს გერმანიის გაერთიანებული პროფკავშირების ყოფილი თავმჯდომარის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე მერკელმა რუსეთის შეჭრას უკრაინაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ისტორიის "ყველაზე უფრო გარდამტეხი მომენტი" უწოდა. "მე გამოვხატავ სოლიდარობას უკრაინისადმი, რომელსაც რუსეთის თავს დაესხა და მხარს ვუჭერ მის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი", - განაცხადა მერკელმა. გერმანიის ყოფილი კანცლერის თანახმად, ის მხარს უჭერს გერმანიისა და საერთაშორისო სასამართლოს ყველა ძალისხმევას, რომელიც "რუსეთის მხრიდან ამ ბარბაროსული აგრესიული ომის შეწყვეტისკენ არის მიმართული". ამ განცხადების ფონია გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცის მიერ 2 ივნისს გახმოვანებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ბერლინი უკრაინას საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო სისტემებით მომარაგებას დაჰპირდა. ამის შესახებ შოლცმა გერმანიის პარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა. "უახლოეს კვირებში ჩვენ, ჰოლანდიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, უკრაინას მსოფლიოს 12 ყველაზე თანამედროვე თვითმავალ ჰაუბიცას გადავცემთ", - განაცხადა შოლცმა და დასძინა, რომ უკრაინელი სამხედროების სწავლება გერმანულ თვითმავალ საარტილერიო დანადგარ Panzerhaubitze 2000-ზე რამდენიმე დღეში დასრულდება. გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ, შოლცის თქმით, ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა უკრაინისათვის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე IRIS-T სისტემის გადაცემა. გარდა ამისა, გერმანია უკრაინას მიაწვდის თანამედროვე რადარს, რომელსაც შეუძლია მტრის ჰაუბიცების, ნაღმმტყორცნებისა და სარაკეტო არტილერიის აღმოჩენა. ბერლინის ამ ნაბიჯის ფონია წინა დღით აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების გადაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ბაიდენმა 31 მაისს გამოცემა New York Times-ში გამოაქვეყნა ოფიციალური პოზიცია იმის შესახებ, თუ რას გააკეთებს აშშ უკრაინაში და რას - არა. პრეზიდენტს კონკრეტული სარაკეტო სისტემა არ დაუსახელებია, თუმცა, თეთრი სახლიდან გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა მიიღებს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს HIMARS-ს. https://www.radiotavisupleba.ge/a/31880186.html

Source: radiotavisupleba.ge