რა უნდა გააკეთონ მათ, ვისაც ჯანმრთელობის გამო პირბადის ტარება არ შეუძლიათ, რომ არ დაჯარიმდნენ
Tbilisi Daily
იმ ადამიანებს, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ შეუძლიათ, პირბადე ატარონ და პირიქით, ამან შეიძლება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს, სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა მისცენ ცნობა. მათ აქვთ „გაიდლაინები“ (სახელმძღვანელო პრინციპები) და ასეთი ცნობის მქონე პირები არ დაჯარიმდებიან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომის დაწყებისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, იმ ადამიანებთან მიმართებით, ვინც ინფიცირებულები არიან ან შესაძლო რისკჯგუფთან ჰქონდათ შეხება, ეს გამონაკლისი ვერ იქნება“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით საკითხს დღეს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი − 500 ლარით დაჯარიმდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით და ტაქსით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, მგზავრი და მძღოლი 20 ლარით დაჯარიმდებიან.