კომუნიკაციების კომისია არჩევნების წინ მედიასაშუალებებისთვის წესებს ცვლის

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

კომუნიკაციების ეროვნული კომისია საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე მედიასაშუალებებისთვისწინასაარჩევნო პერიოდში შესასრულებელ წესებს ცვლის. სხდომა კომისიაში ახლა იმართება. ცვლილებების პროექტის მიხედვით, საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობის ნაწილი არამხოლოდ მაუწყებლებზე, არამედ ონლაინ და ბეჭდურ მედიაზეც შეიძლება გავრცელდეს. სწორედ ასე განმარტავს სიტყვა "მედიას" "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონი.  კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ამ დადგენილებაში შედის მაუწყებლების ეთერში ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსებას ეხება. დოკუმენტით, აიკრძალება არჩევნებამდე 50-ე დღეზე ადრე პოლიტიკური რეკლამის განთავსება. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, პოლიტიკური რეკლამის განთავსება მაუწყებლებს არასაარჩევნო პროცესშიც ეკრძალებათ, თუმცა მათ მსგავსი მომსახურების გაწევა არჩევნების თარიღის გამოცხადების დღიდანვე შეეძლოთ. ცვლილებების პროექტს "კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის" პრობლემურად აფასებს და კომუნიკაციების კომისიას მოუწოდებს "გადახედოს პროექტს და შექმნას სივრცე წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებში მედიის მონაწილეობის თავისუფლების და თავისუფალი მედიაგარემოსთვის". "მიგვაჩნია, რომ პროექტის აღნიშნული სახით მიღებამ შესაძლოა წარმოქმნას მნიშვნელოვანი ხარვეზები და გახდეს ახალი საფრთხე პლურალისტული მედიაგარემოსთვის საქართველოში. ამავე დროს, ზიანი მიაყენოს კომისიის, როგორც საარჩევნო პროცესების გაშუქებაზე დამოუკიდებელი მონიტორის რეპუტაციას", - ვკითხულობთ განცხადებაში. რადიო თავისუფლება ცდილობს კომუნიკაციების კომისიიდან პასუხის მიღებას, რომელიც მასალაში მოგვიანებით აისახება. https://www.radiotavisupleba.ge/a/30793731.html #ახალი_ამბები #twitter #არჩევნები_2020