რას გავითვალისწინებს მთავრობა ფრენების აღდგენისთვის

Tbilisi Daily

„გავითვალისწინებთ როგორც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, ასევე ქვეყნის ეკონომიკის აღორძინების მნიშვნელობას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობა თანმიმდევრულად დგამს ფრთხილ ნაბიჯებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოლაპარაკებების შედეგად, ხუთი პარტნიორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები უკვე იხსნება. „რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა, რაც ერთის მხრივ, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების, მთავრობის, ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგების დაფასებას, მაგრამ ამავე დროს, გვაკისრებს უზარმაზარ პასუხისმგებლობას, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ისევე, როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეების წინაშე. ამიტომ, ჩვენ თანმიმდევრულად ვდგამთ ფრთხილ ნაბიჯებს, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი დავალების თანახმად გამართა მოლაპარაკებები და შედეგად, ჩვენს 5 პარტნიორ ქვეყანას, ყველანაირი პირობების გარეშე სარკისებურად დავუწესეთ ზუსტად იგივე პირობები. მათი მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრები იქნება ღია. ეს ეხება პირდაპირ ფრენებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოლაპარაკებებს სხვა პარტნიორ ქვეყანასთანაც განაგრძობს. „საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს მსგავს მოლაპარაკებებს ყველა ჩვენს სხვა პარტნიორთან მიმართებაში და აქაც გვექნება შესაბამისი შედეგები. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და ეს ყველაფერი ხელს უწყობს ვირუსის გავრცელების კონტროლს, რაც ასევე არის უმნიშვნელოვანესი პირობა ეკონომიკის შემდგომი განვითარებისა და აღდგენისათვის. ამიტომ, ჩვენ ვიქნებით ფრთხილები, მაგრამ თანმიმდევრულები. გავითვალისწინებთ როგორც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, ასევე ჩვენი ქვეყნის სტუმრების ჯანმრთელობას, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღორძინების მნიშვნელობასაც", - განაცხადა გიორგი გახარიამ. ფრენები ტურიზმი TbilisiDaily