რესპუბლიკელები აშშ-ის სენატს სთავაზობენ 1 ტრილიონი დოლარის მოცულობის პროექტს ეკონომიკური სტიმულირებისთვის
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აშშ-ის სენატის რესპუბლიკელმა წევრებმა წარმოადგინეს კრონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს 1 ტრილიონი დოლარის მოცულობის დახმარებას კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული უმუშევრობისა და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად.
სენატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა (რესპუბლიკელი, კენტუკიდან) სტიმულირების ამ პაკეტს უწოდა „მიზნობრივი და მორგებული“ გეგმა, რომელიც უნდა დაეხმაროს ადამიანებს სამსახურებში დაბრუნებასა და სკოლების გახსნაში.
სენატორმა მაკკონელმა თქვა, რომ ამერიკელებს სჭირდებათ მეტი დახმარება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას „ცალი ფეხი პანდემიაში უდგას“.
ეკონომიკური სტიმულირების ახალ პროექტის თაობაზე რესპუბლიკელებმა უკვე მიიღეს თეთრი სახლის თანხმობა და ახლა შეეცდებიან კომპრომისის მიღწევას სენატის დემოკრატიულ უმცირესობასთან.
ამერიკელი კანონმდებლები იძულებული არიან უპასუხონ მილიონობით ამერიკელის შეშფოთებას, რაც გამოწვეულია იმით, რომ 31 ივლისს შეწყდება უმუშევრობისათვის ფედერალური ხელისუფლების მიერ გამოყოფილი დამატებითი შემწეობა.
ახალი გეგმა უკვე იქცა განხეთქილების საგნად, რადგან პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი ადამიანების ყოველკვირეული ფედერალური დახმარების 600-დან 200-დოლარამდე შემცირებას ითვალისწინებს.
სენატის დემოკრატიულ უმცირესობაში რესპუბლიკელების გეგმას უკვე უწოდა, ზედმეტად შეზღუდული. სენატის დემოკრატიული უმცირესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა, განაცხადა, რომ წარმოდგენილი ერთჯერადი დახმარება ძნელად თუ შეუმსუბუქებს ტვირთს ამერიკელებს, რომლებიც შეწუხებული არიან იმით, რომ ვერ იხდიან გადასახადებს და ბინის ქირას, და შესაძლოა გამოსახლება დაემუქროთ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30753012.html
#ახალი_ამბები
#twitter