მეორე პრობლემა, ალბათ, მუდმივად ტრანსპორტის პრობლემაა, რომელიც თითქმის არ იყო სოფელში, არც ქალაქებში ყოფილა დიდად. ქალაქში გასვლა, პირადად ჩემს ოჯახს, დიდი წვალების ფასად უჯდებოდა, ხან მეზობლებისთვის უნდა გვეთხოვა, ხანაც ნათესავებისთვის. ასე იყო უმრავლესობა.
ყველანაირად ვზარალდებოდით, მხოლოდ იმის გამო, რომ ქართველები ვიყავით. ცხოვრება გაუსაძლისი ხდებოდა. განსაკუთრებით, ალბათ, აბიტურიენტობის პერიოდში ვიგემე მთელი სიმწარე იქ ცხოვრების.
როცა აბიტურიენტი გავხდი, ბუნებრივია, ისევე, როგორც ყველას, ჩაბარება მინდოდა. გადაწყვეტილი მქონდა, რომ თბილისში მინდოდა ჩაბარება. ჩემი მშობლებიც ამ ვარიანტის მომხრეების იყვნენ, მეტიც, არ უნდოდათ სოხუმში ან რუსეთში წავსულიყავი. აქ წარმოიშვა დიდი პრობლემა : მასწავლებლები, რომლებიც ქართულად მომამზადებდნენ. უნარების ჩაბარება ქართულად მათემატიკური ტერმინების სუსტად ცოდნით, ნამდვილად რთული გახლდათ. იმის გამო, რომ ჩემს სოფელში უნარების მასწავლებელი არ მყავდა, მეორე სოფლამდე მიწევდა ფეხით სიარული, რაც მთელ დღეს მართმევდა, საშინლად ვიღლებოდი, თანაც ისე რომ, მეცადინეობის თავიც არ მქონდა სახლში დაბრუნებულს. ზოგჯერ მიმართლებდა, ხან ნაცნობ გამვლელს მივყავდი მანქანით, ხანაც ნათესავებს. თუმცა, უმეტესად მაინც ფეხით მიწევდა მეც და ჩემს რამოდენიმე მეგობარს. ჩემი კლასიდან ერთადერთი აბიტურიენტი ვიყავი, რაც საქმეს კიდევ უფრო მიძნელებდა. სკოლაში გაკვეთილებზე სავალდებულო იყო დასწრება, რის გამოც, ფაქტობრივად, ორად გახლეჩვა მიწევდა. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები ყველანაირად ხელს მიწყობდნენ, მაინც მიჭირდა ამდენი რამის ერთად კეთება. ამას ისიც დაემატა, რომ სკოლის დირექტორს გადაჭრით მოსთხოვეს, ერთმა ბავშვმა მაინც ჩააბაროს სოხუმშიო, თუ არადა სკოლას პრობლემებს შევუქმნითო. ამის გარდა, სხვა ხერხებიც გამოიყენეს ჩვენს იქ დასატოვებლად. ერთი იყო გალში, ზუსტად არ მახსოვს რა პერიოდი იყო. მთელი გალის რაიონის ბავშვები შეგვკრიბეს გალის კულტურის სახლში და პრეზენტაციები ჩაგვიტარეს რუსეთის სხვადასხვა უნივერსიტეტების და სოხუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა. შეიძლება ეს მხოლოდ მე შევნიშნე, მაგრამ ზუსტად მახსოვს, პრეზენტაციების ბოლოს, ერთ-ერთი რუსეთის რომელიღაცა უნივერსიტეტის ლექტორმა გადაჭრით თქვა, რომ სხვა გზა არ გვქონდა, გარდა იმისა, რომ რაც წარმოგვიდგინეს დავჯერებულიყავით. ეს თქვა და გაიცინა. ჩვენ კი ნამდვილად არ გვეცინებოდა. ამით ახალი საფიქრალი და შიშები გაგვიჩინა. სულ მალე კი დავრწმუნდით, რომ ტყუილად არ გვინერვიულია.
2019 წლის ივნისი ნამდვილად დიდი გამოწვევების თვე აღმოჩნდა აფხაზი აბიტურიენტებისთვის. ივნისის დასაწყისში სკოლაში საატესტატო გამოცდებს მოვრჩით. 27 ივნისს ტარდებოდა, ე. წ. „მეჯლისი“ სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით. ეს იმას ნიშნავდა, რომ ყველა აბიტურიენტი გალის რაიონის სკოლებიდან იქ უნდა ყოფილიყო. რამოდენიმე დღეში ეროვნული გამოცდები მეწყებოდა და ნამდვილად არ მსურდა მაგ მეჯლისისთვის დროის დაკარგვა, თუმცა, სკოლის დირექტორს უთხრეს, რომ აუცილებლად ყველა კურსდამთავრებული უნდა ყოფილიყო. გააზრებული მქონდა, რომ არ წასვულიყავი რა შედეგი მოყვებოდა ამას : დედაჩემი მასწავლებელი იყო და არ მინდოდა ამის გამო მას შექმნოდა პრობლემები. საღამოს, როდესაც უკვე იქ ვიყავით შეკრებილები ყველა, ხმა გავარდა რომ ენგურის ხიდი ჩაიკეტა. თავიდან დაჯერება გამიჭირდა, რადგან, ზოგადად, საზღვრის ჩაკეტვამდე ინფორმაციას გვაწვდიდნენ, ამჯერად კი არავის გავუფრთხილებვართ. რამოდენიმე ჩემი თანატოლი წავიდა ენგურის ხიდზე და ამბავი მოგვიტანეს, რომ ეს სიმართლეა და საზღვარი რეალურად ჩაგვიკეტეს. მთელი საზეიმო ვითარება დიდ გლოვად იქცა : იყო სევდა და ცრემლები, გვეგონა, ერთადერთი შანსი გვერთმეოდა ხელიდან ნორმალურად სწავლის და ცხოვრების. ამ ყველაფრის ფონზე, იძულებულები ვიყავით ზეიმისთვის მაინც გვეყურებინა, ბოლოს კი, ეს ყველაფერი ფეიერვერკებით დაგვირგვინდა. ალბათ, ყველაზე სტრესული პერიოდი იყო ჩვენთვის. აბიტურიენტებმა რა არ გააკეთეს იმისთვის, რომ ჩაესწროთ გამოცდებისთვის დროზე: ზოგს ბევრი ფულის გადახდა მოუწია; ვისაც საშუალება არ ჰქონდა, გადაპარვა სცადეს, ამ დროს, ერთ-ერთ აბიტურიენტს მავთულხლართებში მოყვა ხელები და დაესერა. საბედნიეროდ, ქართველი სამხედროები იქვე ახლოს იყვნენ და დახმარება გაუწიეს. ზოგმა მოასწრო პირველ გამოცდაზე დასწრება, ზოგმა ვერა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ყველას ჩაუთვალეს, მდგომარეობა გაითვალისწინეს.
ასეთი ისტორიები ბევრია, მაგრამ ეს სწორედ ის თავია, სადაც ყველამ ერთად შევძელით გამარჯვება და მიზნის მიღწევა.
ეს არის ის ისტორია, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლედ დავწერე. მერწმუნეთ, მოსაყოლი ამაზე მეტია, მხოლოდ აისბერგის ზედა ნაწილია და რაც უფრო დაბლა ჩაიხედავთ, უკეთ დაინახავთ თუ რასთან უწევთ აფხაზეთში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველებს შეჯახება, რომლებიც მუდმივად იმის მოლოდინში არიან, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება . თუმცა, ის დღე ჯერ ჩვენგან საკმაოდ შორსაა. ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ და იმდენი მოვახერხოთ, რომ ამ ადამიანებს ტანჯვა შევუმსუბუქოთ, შემდეგ კი ჩვენი დაკარგული ტერიტორიები დავიბრუნოთ. დიდი წინააღმდეგობებია წინ, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ და შევხვდეთ გამოწვევებს, რომლებიც წინაპირობაა იმ დიდი მომავლის, წინ რომ გველოდება.
სტატიის ავტორი: მარიამ ქობალია
#აფხაზეთი
#ისტორია
#საქართველო
#პოლიტიკა
#ოკუპაცია