მსოფლიოში პირველი გამოსახულების AI სენსორი Sony-სგან კამერებს გაცილებით ჭკვიანს გახდის

0
Sony-მ მსოფლიოში პირველი გამოსახულების AI (ხელოვნური ინტელექტის) სენსორის შექმნა დააანონსა, რომელშიც გაერთიანებულია როგორც პროცესორი, ასევე, მეხსირების ბარათი. ეს სენსორს, სახელად IMX500, საშუალებას აძლევს მანქანური დასწავლის პრინციპებზე აგებული კომპიუტერული ხედვასთან დაკავშირებული ამოცანები გარე მოწყობილობის გარეშე შეასრულოს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს სენსორი დამოუკიდებელია, რადგან მას მუშაობისას გარე მოწყობილობის დახმარება არ სჭირდება. სენსორის შექმნის შედეგი კი მინიმუმ ისაა, რომ „სონის“, ძალიან მალე, უსწრაფესი, იაფი და მეტად დაცული AI კამერები ექნება. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, მოწყობილობებში, იქნებოდა ეს სმარტფონები თუ პროფესიონალური ფოტოკამერები, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას ბევრი სარგებელი ჰქონდა. მანქანური დასწავლის ტექნიკის გამოყენება ეფექტური იყო არამხოლოდ იმ ფოტოების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რასაც ყოველდღიურად ვიღებთ, არამედ ვიდეოს ჩაწერისას, ობიექტების ადამიანის მსგავსად „გააზრების“ კუთხითაც. ამ ტექნოლოგიის გამოყენება მრავალმხრივია, იქნება ეს თვითმართვადი მანქანებისა თუ აუტომატური ზედამხედველობის კამერების კუთხით. თუმცა, მათი უმრავლესობა ეყრდნობა ერთ პრინციპს – მათ უწევთ გამოსახულებების (იქნება ეს ფოტო თუ ვიდეო) ღრუბელზე (ქლაუდზე) გაგზავნა, იმისათვის, რომ მათი დამუშავება და ანალიზი მოხერხდეს. ეს ფაქტორი მნიშვნელოვნად ანელებს მსგავს პროცესებს და მეტიც, არაუსაფრთხოს ხდის მათ, რადგან მოწყობილობიდან ქლაუდზე ინფორმაციის გაგზავნა არ გამორიცხავს იმას, რომ მას შეიძლება ჰაკერები მიწვდნენ. მეორე მხრივ, მწარმოებლები, ამ საფრთხისა თუ დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, ცდილობენ AI ჩიპები მოწყობილობებშივე ჩააშენონ. ამას აკეთებს, მაგალითად, Apple, Google, ან Huawei. მათი დახმარებით, ხელოვნურ ინტელექტს, ინფორმაციის ანალიზისთვის მისი ქლაუდზე გაგზავნა არ უწევს და მთელი პროცესი სმარტფონშივე ხდება. (ასეთ ჩიპებს, მაგალითად, Qualcomm და ARM ამზადებენ). თუმცა, Sony ამბობს, რომ მისი გამოსახულების სენსორის სახით გაცილებით მოხერხებულ და ეფექტურ გადაწყვეტას გვთავაზობს, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე შეიძლება მივიჩნიოთ. Sony-ს შემთხვევაში, AI ჩიპი, უშუალოდ, გამოსახულების სენსორის უკანაა ჩაშენებული, რაც, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, ობიექტების ანალიზს სენსორზევე ხდის შესაძლებელს. მაგალითად, ამავე მოწყობილობაზე და მეტიც, არათუ მოწყობილობაზე, ამავე სენსორზეა შესაძლებელი გამოსახულების იმგვარად დამუშავება, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა მასზე ობიექტების ამოცნობა შეძლოს. მსგავსი გადაწყვეტის სარგებელი კი უკავშირდება როგორც სისწრაფეს, ასევე, უსაფრთხოებას. მაგალითად, თუ თქვენ გენდომებათ კამერა, რომელიც შეძლებს იმის დადგენას, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას ვის უკეთია პირბადე და ვის არა, სენსორ IMX500S-ს, შესაბამისი ალგორითმის გამოყენებით, ამ ოპერაციაში თქვენი დახმარება სწრაფად და უსაფრთხოდ შეუძლია. ან 4K ვიდეოს დიდი ხანგრძლივობით გადაღებისა და ყურების ნაცვლად, მსგავს სენსორს შეეძლება შეგატყობინოთ და გადაიღოს ზუსტად ის ობიექტი, რომლის აღბეჭდვაც გინდათ და ზუსტად არ იცით როდის გამოჩნდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, სენსორიანი კამერები მხოლოდ კორპორატიული კლიენტებისთვისაა ხელმისაწვდომი და არა რიგითი მომხმარებლებისთვის. გარდა ამისა, „სონის“ მიერ შექმნილი სენსორი რობოტიკაშიც გამოდგება. განსაკუთრებით კი იმ რობოტებში, რომლების შექმნისას მიზანი მათი ადამიანების გვერდით მუშაობა იყო. მისი დახმარებით რობოტებს საფრთხეზე, ან დაბრკოლებებზე რეაგირება და ადამიანებთან თანამშრომლობა ძალიან სწრაფად და მოხერხებულად შეეძლებათ. გასულ წელს, Sony-მ 1.6 მილიარდი სენსორი გაყიდა, მათ შორის, Apple-ის iPhone 11 Pro-ს სამივე კამერა „სონის“ მიერაა შექმნილი. შესაბამისად, მისი გავლენა ბაზარზე საკმაოდ დიდია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ AI სენსორი, რომელზეც სტატიაში ვსაუბრობთ, ნაკლებმოსალოდნელია ასე მალე მოხვდეს სამომხმარებლო პროდუქტებში, მაგალითად, სმარტფონებში. ამის თქმის საშუალებას, მით უფრო, გვაძლევს ის, რომ ეს პროდუქცია, ჯერჯერობით, მხოლოდ მსხვილი, ინდუსტრიული კომპანიებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მაგალითად, Amazon-ის მაღაზიებში GO, AI კამერებს ქურდობის თავიდან ასარიდებლად იყენებენ. IMX500-ის პირველი თაობა სწორედ მსგავსი დავალებებისთვისაა გათვლილი.
#technology
#tech
#sony
#news
#opinion
#photo
Tbilisi
0