გურამ დოჩანაშვილი – ქართული ლიტერატურის მთავარი „ხულიგანი“

0
პირდაპირ უნდა ვთქვათ – უდიდესი ბედნიერებაა, რომ XXI საუკუნეში, გურამ დოჩანაშვილის სახით, იმ ტიპის კლასიკოსი გვყავს, რომელიც ძალიან თანამედროვე, მოდერნული, პოსტ-მოდერნული მწერალიც კია, ამავდროულად ძალიან ახლოს არის ღმერთთან და ადამიანთან, ინტერნეტისა და პოლიტიკური ცხოვრებისგან კი – ძალიან შორს. სრულიად უჩვეულო ბედის ეს ჩვენი კაცი „მარტისაა“, 1939 წელს დაიბადა, თბილისში. ზემელზე, რუსთაველზე, სოლოლაკსა და ვერაზე იზრდებოდა. საინტერესოა, რომ გურამის ბაბუა – სილოვან ემხვარი აკაკი წერეთლის დის შვილიშვილი იყო, ასე, რომ ამ ჩვენს კაცს ქართულ კლასიკურ მწერლობასთან სისხლით ნათესაობაც აკავშირებს. 1957 წელს გურამმა მუსიკალური სასწავლებელი, ვიოლინოს კლასი, დაამთავრა და ალბათ სწორედ აქედან მოდის მისი ფანატიკური სიყვარული მუსიკისადმი – იშვიათია მწერალი, ვისზეც მუსიკას ამოდენა გავლენა ჰქონდეს. 1962 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაასრულა, რის შემდეგაც აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ ექსპედიციებში და სერიოზულ სპეციალისტადაც ჩამოყალიბდა. შემდგომში, ჟურნალ „მნათობში“ პროზის განყოფილებას, მწერალთა კავშირში პროზის სექციას ხელმძღვანელობდა, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ კი მთავარი რედაქტორი იყო. მისი პირველი მოთხრობები 1961 წელს, „ცისკარში“ დაიბეჭდა, პირველი წიგნი – „მთის გადაღმა“ კი 1966 წელს გამოსცეს. ყველაფერთან ერთად, გურამ დოჩანაშვილი ბრწყინვალე სცენარებს წერდა. პირადად მე გამორჩეულად „გამსვლელი პაიკი“ მომწონს, საოცრად საინტერესო ამბავი პატარა ადამიანზე, რომელსაც მთელი ეზო უთმობს და ჭადრაკის პარტიებს აგებინებს, რათა ცხოვრებაში პატარა სიხარული მაინც იგრძნოს. ამ დათმობით გაყოყოჩებულს, მეგალომანია შეიპყრობს და მისი მიწაზე დაბრუნება, ხელახლა გაადამიანება, ისევ მეზობლების საზრუნავი გახდება. აღმოჩნდება, რომ ის პატარა კაცი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე ადამიანი, რომლადაც თავი წარმოიდგინა. ამ სცენარში, ჩვენზე, ქართველებზე, ბევრი სიმართლეა მოთხრობილი. გურამის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მისი მეუღლე, ნათელა სეფიაშვილი, რომელთანაც მწერალმა 1962 წელს იქორწინა და ისინი დღემდე უბრწყინვალესი წყვილია. ასევე, მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო 1966 წელი, როდესაც დაიბადა მისი ქალიშვილი – ქეთო და გამოიცა პირველი წიგნი – „მთის გადაღმა“. 1968 წელს გურამს და ნათელას ვაჟი – ირაკლი შეეძინათ, რომელიც, 1990 წელს, უბედური შემთხვევის გამო, ტრაგიკულად დაიღუპა. ამ მოვლენამ ყველაზე მძიმე დარტყმა მიაყენა ჩვენს მწერალს, სრულად შეიცვალა როგორც მისი ცხოვრება, ასევე მწერლობაც. უმძიმესი დღეების გადატანაში სასულიერო პირები და ახლო მეგობრები დაეხმარნენ, რამაც ეკლესიასთან, ღმერთთან დაახლოვა. გადარჩენასა და უფლისადმი მიქცევას გურამი დიდად უმადლის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს. ამ ტრაგედიის შემდეგ, უფალმა ჩვენს მწერალს დიდი საჩუქარი გამოუგზავნა, ვინც გააცოცხლა კიდეც. ალბათ ბევრმა იცის ის ოქროს სიტყვები, რომელიც მწერლის პატარა შვილიშვილმა, თინათინ ჭკუასელმა თქვა – „ბაბუა გიჟია, იმიტომ, რომ ჩემზე გიჟდება“. ბაბუა ნამდვილად „გიჟია“, ამ სიტყვის ყველაზე უფრო მაღალი გაგებით, ბაბუა ყველაზე დიდი ონავარია ქართულ ლიტერატურაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან საუბარში, მაგალითად, ბეთჰოვენი გაუკრიტიკებია – „ხულიგანიაო“, უნდა ვაღიაროთ – ყველა დროსა და სივრცეში, ქართული ლიტერატურის მთავარი ხულიგანი გურამ დოჩანაშვილია; პირველი მოთხრობებიდან დაწყებული, მას ვიცნობთ, როგორც აბსოლუტურად გამორჩეულ, შეუდარებელ ავტორს და რომ არა ის, ვერასდროს, ვერცერთი ავტორის მიერ ვერ დაიწერებოდა, მაგალითად ისეთი ნაწარმოები, როგორიცაა – „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი“. საერთოდაც, გურამმა მოახერხა და ერთ მშვენიერ დღეს, ყველანაირი ლიტერატურა, რომელიც კი დაწერილა, პატარა მოთხრობაში მოათავსა და მადლობა ღმერთს – „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ დღეს სკოლაში ისწავლება. პირველ პირში დაწერილი ამ შესანიშნავ ნაწარმოებს მოგვითხრობს კაცი, რომლის მომავალ ნაშრომშიც „უნდა აისახოს ქალაქის ტიპის დასახლებაში მცხოვრებ მუშა-მოსამსახურეთა ყოველდღიური საქციელის ასპექტების ასახვა და გამომჟღავნდეს კანონზომიერებანი, რომლებიც განსაზღვრავენ მის დამოკიდებულებას ცხოვრების პირობებისადმი. საზოგადოების ფუნქციონირებისა და განვითარების იმ მხარეებში, რომელსაც ამჟამად გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე აქამდე, პატარა ადგილს როდი იჭერს ყოფა-ცხოვრება, წარმოების გარეთა სფერო ადამიანის საქციელსა და მოქმედებაში“ და ა.შ. მოკლედ, იმაზე უნდა იყოს საუბარი, თუ როგორ იყენებენ ადამიანები თავისუფალ დროს. და, აი, დააკვირდით საბჭოთა ენას – იმ დროს, როდესაც საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ მყარად „იდგა ფეხზე“, გურამ დოჩანაშვილმა მოახერხა და საბჭოთა კავშირი ისე ამხილა, რომ დისიდენტად არ ქცეულა. მას არ სჭირდებოდა პირდაპირი თუ ირიბი ბრძოლა, მან ენობრივი ქსოვილით გვიჩვენა საბჭოთა, უკუღმართული მაგია. ყველაფერთან ერთად, ამ საოცარ მოთხრობაში გვხვდება ორი სამყარო: ერთი მხრივ, სულიერებისგან დაცლილი საბჭოთა კავშირი და ზემოთ მოცემული სულელური ტექსტების მგენერირებელი საზოგადოება, მეორე მხრივ კი ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ ამ ქვეყნისა არ არის – მთლიანად ლიტერატურით არის მოცული. „ჩვენ, პოეტები, მზიდან ვეშვებით – და ვსვამთ ცეცხლიან აზარფეშებით მზის სადღეგრძელოს“. აი, მზის სადღეგრძელოს ავტორი გურამ დოჩანაშვილია, სიყვარულის მწერალი.
Tbilisi
#გურამდოჩანაშვილი
#კაცირომელსაცლიტერატურაძლიერუყვარდა
#ქართველიმწერლები
#მწერლობა
#ხელოვნება
0