გვითხარით, რატომ ვერ ჩავერთეთ კრიზისიდან გამოსვლის ეკონომიკური გეგმის შემუშავებაში-კობერიძე კაკულიას

0
http://pirveliradio.ge/?newsid=143520 გვითხარით, რატომ ვერ ჩავერთეთ კრიზისიდან გამოსვლის ეკონომიკური გეგმის შემუშავებაში, ან თუ რაიმე შემდგომში იგეგმება, ესეც გვითხარით - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს რომან კაკულიას, კომიტეტის სხდომაზე. კობერიძემ კაკულიას დაახლოებით ერთი თვის წინ გაცხადებული დაპირება შეახსენა, რომ როგორც კი ეკონომიკური გეგმის ასამოქმედებლად საჭირო თანხის ოდენობა დამტკიცდებოდა და მთავრობა გეგმის განხილვას დაიწყებდა, ამ პროცესში კომიტეტი და ოპოზიციაც ჩაერთვებოდნენ. "მინდა შევეხმიანო იმ თემას, რასაც ჰქვია ეკონომიკური გეგმის შემუშავება. დაახლოებით ერთი თვის წინ, როცა კომიტეტის შეკრება იყო, მე დავაყენე საკითხი, რომ კრიზისიდან ეკონომიკის გამოყვანის გეგმასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იყო, რომ კომიტეტი, დეპუტატები, ოპოზიცია, უფრო აქტიურად ვყოფილიყავით ჩართული. მაშინ ძალიან ოპტიმისტური განცხადება გააკეთეთ, რაც ძალიან კარგად ისმინებოდა, რომ მაშინ არ იცოდით თანხის ოდენობა, ამიტომ ჩარევას და მსჯელობას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ როგორც კი თანხების ოდენობები დადგინდებოდა, მის განაწილებასა და გეგმის შემუშავებაში ეკონომიკის კომიტეტი აუცილებლად იქნებოდა ჩართული და მათ შორის ჩვენც, ოპოზიციასაც მოგვეცემოდა საშუალება ჩავრთულიყავით. ეს განცხადება მისასალმებელი იყო, თუმცა უკვე თანხა გაწერილია, გეგმაც - შედგენილი, როგორ ვაფასებთ, ავად თუ კარგად, ეს სხვა საკითხია, თუმცა გეგმა უკვე არსებობს და ეკონომიკის კომიტეტი არანაირად არ არის ჩართული ამაში. ყოველ შემთხვევაში ის დაპირება, რომ ოპოზიცია უნდა ყოფილიყო გეგმის შედგენაში ჩართული, არ განხორციელდა. თუ შეიძლება გვითხარით, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, თქვენ კი ესწრებით საბჭოს სხდომებს, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარეების დასწრება სხდომებზე არანაირად არ აისახება დეპუტატების ინფორმირებულობაზე", - განაცხადა კობერიძემ. "არ ვიცი, საერთო სურათის გაგრძელებაა თუ გამონაკლისი, ჩვენს კომიტეტთან, რომელიც ყოველთვის აქტიური იყო საკითხებში, პირველ რიგში მაინტერესებს, ის თქვენი ოპტიმისტური განცხადება, რომელიც გაკეთებული იყო რატომ არ გამოვიდა. გვითხარით რა მოხდა, რატომ ვერ ჩავერთეთ, ან თუ რაიმე შემდგომში იგეგმება, ესეც გვითხარით", - მიმართა კობერიძემ რომან კაკულიას.
0