"შემოგვიერთდნენ თუ არა ბათომის მაზრის მაჰმადიან ქართველები, ზოგიერთებმა იმთავითვე ქადაგება და დამტკიცება დაიწყეს, რომ ყველაზე პირველად ჩვენ ის მაჰმადიანი ქართველები უნდა მოვნათლოთ, გავაქრისტიანოთო... სარწმუნოების საქმე სინდისის საქმეა, რა ჩვენი საქმეა – ვინ როგორ სარწმუნოებას აღიარებს, ვინ რა რჯულის არის? " - ამ სიტყვების ავტორია არა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, არამედ ილია ჭავჭავაძე. მუსლიმთა ძალდატანებით გაქრისტიანების წინააღმდეგ ილია სახალხო დამცველის ინსტიტუტის შექმნამდე დიდი ხნით ადრე წერდა.
თუმცა, როგორც ჩანს, ზოგი პრობლემა დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც ჭავჭავაძის ცხოვრების პერიოდში. ომბუდსმენის მიერ მომზადებულ 2019 წლის შემაჯამებელ დოკუმენტში მოხვდა აჭარის სკოლებში ინდოქტრინაციის ყველაზე გახმაურებული ფაქტები საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან. რეგიონში, სადაც მოსახლეობის 30% ქრისტიანია არ არის, ინდოქტრინაციის პრობლემებს ანგარიში ვრცლად განიხილავს. კერძოდ კი ქედაზე, შუახევსა და ხულოზეა საუბარი. როგორც ირკვევა, მაღალმთიან სოფლებში დირექტორები საპატრიარქოს ხვდებიან იმ მიზნით, რომ სკოლებში "სწორი გზა" და ადგილობრივი მუსლიმების "წინაპრების რელიგიაზე" გადმოყვანა იქადაგონ. მაგალითად კი განიხილება 2019 წლის ცნობილი მოვლენები სოფელ ოქტომბრიდან და დანდალოდან. სოფლების სკოლების ადმინისტრაცია წინა წელს საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც სასულიერო პირებმა სკოლის პედაგოგები რელიგიური შინაარსით დაარიგეს და სკოლებში გარკვეული პოლიტიკის ჩატარება მოთხოვეს.
„ჩვენ, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს, გვაქვს ვალდებულებაც, რომ აღნიშნული სიტყვა მივიტანოთ ჩვენს აღსაზრდელებთან, ისინი დავაყენოთ სწორ გზაზე, რომ მოექცნენ და დაუბრუნდნენ ძირძველ სარწმუნოებას, თუმცა, ვფიქრობ, რომ აღნიშნული შეხვედრები, არამარტო, ზედა თანრიგის
წარმომადგენლებთან უნდა ხდებოდეს. სამღვდელოება დაგვპირდა და კარგი იქნება თუ აღნიშნული შეხვედრები გაიმართება სკოლებშიც და მოსახლეობაშიც. ჩვენ მზაობას გამოვთქვამთ
საამისოდ“ - განაცხადა ნონა გორგაძემ, სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
სოფელ დანდალოს საჯარო სკოლის დირექტორი, მურმან კონცელიძე კი იმავე შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ „თუ გადავხედავთ საქართველოს ისტორიას, მართლაც ყოველი კუთხიდან მოძალადებული მტრისგან უწევდა მოგერიება ჩვენს ქვეყანას. მთავარი როლი ჩვენი ქვეყნის გადარჩენაში ქართულმა ეკლესიამ შეასრულა“. საინტერესოა, რა კავშირშია აჭარის მოსახლეობის მუსლიმი ნაწილი ისტორიულ მტერთან. ან, რა შუაშია აჭარელი მოსწავლეების რელიგიური არჩევანი მტრის მოგერიებასთან.
როგორც ომბუდსმენს განუცხადეს ქედის რესურსცენტრში, შეხვედრის ზუსტი შინაარსის შესახებ არ იცოდნენ და მათ დირექტორებთან შეხვედრის მიზეზი სხვანაირად განუმარტეს. შეხვედრის მონაწილეები კი რელიგიური ინდოქტრინაციის მცდელობებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ შეხვედრის მიზანი წიგნის პრეზენტაცია იყო. ამასთან ერთად აღნიშნავენ, რომ შეხვედრაზე წილხვედრობის დღესასწაულიც განიხილეს.
ომბუდსმენის დოკუმენტში წერია, რომ ინდოქტინაციის ფაქტების გამოვლენა თითქმის ნულოვანია. რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამინისტროს მხრიდან რელიგიათა თანასწორობის პრინციპის დაცვას სკოლებში არასაკმარისი ძალისხმევა ეთმობა. ადრე როგორც ანგარიშებში, ასევე სხვადასხვა ტელევიზიით არაერთხელ გავრცელდა რელიგიური ნეიტრალობის დარღვევის სხვა ფაქტებიც. მაგალითად, რელიგიური სიმბოლიკა საკლასო ოთახებში ან პედაგოგების მხრიდან ერთი რელიგიის უპირატესად წარმოჩენა.
ვის და რატომ აწყობს სკოლის ასაკის ბავშვების ინდოქტრინაცია? შესაძლებელია, სკოლის ადმინისტრაციას გააზრებული არ აქვს, რა რისკების შემცველია მოსწავლეების უფლებების ასეთი დარღვევა. ერთი მხრივ, არაეთიკურია, მუსლიმური ან ნაკლებად რელიგიური ოჯახიდან წამოსულ მოწაფეს მასწავლებელმა საკუთარი აზრი მოახვიოს თავს. მეორე მხრივ კი, ეს შეიძლება საზიანოც აღმოჩნდეს. კოგნიტიურ ფსიქოლოგთა საზოგადოების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რელიგიურ სკოლებში ინდოქტრინაციის ქვეშ მყოფ მოსწავლეებს ასაკის მატებასთან ერთად ფაქტებისა და სიცრუის გამიჯვნა ურთულდებათ. კვლევის თანახმად, საშუალოდ 50%-ით ნაკლებმა ბავშვმა შეძლო მეცნიერების მიერ მოგონილი ისტორიის რეალობისგან გამიჯვნა, ვიდრე სეკულარულ სკოლებში მყოფმა მოსწავლეებმა. კვლევა ადასტურებს, რომ რა რელიგიაც არ უნდა იყოს წინ წაწეული - ქრისტიანობა, ისლამი, თუ სხვა - ბავშვის განვითარებისთვის აგრესიული ფორმით ინდოქტრინაცია საზიანოა.
ბუნებრივია, ადამიანმა რელიგია თვითონ უნდა აირჩიოს. ამ არჩევანში ჩარევა აქტიურად ხდება აჭარის საჯარო სკოლებში სხვადასხვა ფორმით, ომბუდსმენის ანგარიში კი ამ ფორმებიან ერთ-ერთს, ადმინისტრაციის ჩართულობას ადასტურებს. თუ სამინისტრო უფრო აქტიურ მონიტორინგს არ განახორციელებს, საჯარო სკოლების დამოკიდებულებამ შესაძლოა, ბავშვების კოგნიტურ პროცესებზე უარყოფითად აისახოს.
#აჭარა
#ინდოქტრინაცია
#სკოლები
#განათლება
#ომბუდსმენი
#batumidaily