სულ მქონდა სურვილი, რომ ქართული ენა მესწავლებინა - ნარმინა გუსეინოვა

0
საქართველო არის მრავალფეროვანი ქვეყანა, სადაც სხვდასხვა ეთნოსები ცხოვრობენ. ერთი-ერთია აზერბაიჯანელები, რომლებიც ძირითადად ქვემო ქართლში არიან დასახლებულნი. მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობითაა დაკავებული, რაც ქვეყნის ეკონომიკაში მნიშნელოვან როლს თამაშობს. მაგრამ ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ სფეროში ნაკლებ არიან ინტეგრირებული. ამის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს ქართული ენის ბარიერი. ჩნდება კითხვა , თუ რამ გამოიწვია ეს პრობლემის ? ამ და სხვა კითხვების პასუხები თუ გაინტერესებთ, აქტიური ახალგაზრდა ნარმინა გუსეინოვას " Marneuli Daily-თან ინტერვიუს წარმოგიდგენთ. ახალგაზრდა აქტივისტი, რომელიც თავისი ინიციატივით "Youtube " -ის არხიდან ქართული ენის გაკვეთილებს ატარებს და ამით ეხმარება ახალგაზრდებს ისწავლონ სახელმწიფო ენა. მოდით გავიცნოთ 25 წლის ნარმინა. "მე ვარ ნარმინა გუსეინოვა, 25 წლის. ვცხოვრობ რუსთავში. მაქვს ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ხოლო მაგისტრის ხარისხი იმავე უნივერსიტეტიდან განათლების ადმინისტრირებაში მომენიჭა. თითო-თითო სემესტრი საზღვარგარეთ, ავსტრია და ირლანდიაში ვისწავლე " - გვეუბნება ნარმინა. ნარმინა ამბობს, რომ "YouTube"-ის არხის მეშვეობით ქართული ენის გაკვეთილების ჩატარების ბევრი მიზეზი არსებობდა და გადაწყვიტა ამ პრობლემის მოგვარებაში თავისი წვლილი შეიტანოს. "სულ მქონდა სურვილი, რომ ქართული ენა მესწავლებინა. როდესაც გარშემო ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთთან ვერ საუბრობდნენ, ვერ უზიარებდნენ განცდებს, პრობლემებს, სიხარულსა თუ მოგონებებს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ არ საუბრობენ საერთო ენაზე. დაბრკოლებაა, როდესაც ადამიანებს არ აქვთ ერთმანეთთან კომუნიკაცია"-აცხადებს ნარმინა. ნარმინას Youtube-არხზე ძირითადად საშუალო დონის ქართულს ასწავლის, თუმცა, დაწყებითი დონეც ინტეგრირებულია, მაგალითად, ვიდეოს ბოლოს მსმენელს ახსენებს უცხო სიტყვებს, რომლებიც ვიდეოს განმავლობაში შეხვდათ. აღსანიშნია, რომ ნარმინას არაერთი თხოვნა მოუვიდა ენის დაწყებითი დონიდან სწავლასთან დაკავშირებით და ამიტომ, ფიქრობს, მალე ანბანიდან, დაიწყებს ვიდეოების გადაღებასა და ენის სწავლებას. "ზოგს ხომ ჰგონია, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს არ უნდათ ენის სწავლა, აი, ამ მოსაზრების სიმცდარეში დავრწმუნდი ჩემი ვიდეობის შემდეგ. იცით, რამხელა მხარდაჭერა, სიხარული და მოტივაცია დავინახე? ადამიანებს იმედი მიეცათ, მწერენ, რომ აიღეს ცალკე რვეული და ჩემი ვიდეობიდან ამოღებულ წინადადებებს იწერენ და სწავლობენ. იმაში დავრწმუნდი, რომ ადრე სურვილის მიუხედავად ვერ სწავლობდნენ, რადგან ამის პირობები არ იყო. მედია საშუალებებისგან წამოვიდა მხარდაჭერა, ყველამ შეძლებისდაგვარად გაავრცელა, დაწერა, გააშუქა. რიგითი ადამიანები დამეხმარნენ, ზოგმა პოსტერი დამიმზადა, ზოგმა იდეა მომაწოდა, ზოგმა ტექნიკურ საკითხებში დახმარება შემომთავაზა"-ამბობს ინიციატორი. ნარმინას აზრით, არქართულენოვან მოსახლეობას შორის ქართული ენის ბარიერის არსებობის უკან ბევრი მიზეზი დგას, სწორედ ამიტომ საჭიროა ახალი მეთოდების დამუშავება. " არსებობის ბევრი მიზეზი. ბარიერის გადასალახად სკოლებში უნდა შემოვიდეს ახალი მეთოდები. ჩვენ მიერ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ საინტერესო ფაქტებიც აჩვენა. მოსწავლეები ამბობდნენ, რომ მოსწონთ ეთნიკურად ქართველი მასწავლებლების მუშაობა სკოლებში, თუმცა, მათი აზრით, პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ამ პედაგოგებმა არ იციან ადგილობრივი თემის ენა, მასწავლებელი მხოლოდ ქართულად ხსნის და ხშირად ეს გაუგებარიც კი არის მოსწავლეებისთვის. მათი აზრით, საუკეთესო ვარიანტში პედაგოგი უნდა ფლობდეს ორივე ენას. სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მიდგომა გასაგები და სრულიად მისაღებია, რადგან თემის ენაზე საუბარი, ალბათ, შეანელებდა სწავლის პროცესს. თუმცა, აქ ჩანს, რომ მეთოდები გვაქვს შესაცვლელი. ასწავლოს და ახსნას მასწავლებელმა თუნდაც მხოლოდ ქართულ ენაზე, თუმცა, გამოიყენოს ისეთი მეთოდები, რომლებიც მოსწავლეს სწავლის პროცესს გაუადვილებს". ნარმინა ამბობს , რონ მომავალში ვიდეოების გადაღებას აუცილებლად გააგრძელებს. მისი თქმით , შეიძლება, საკუთარი გეგმებისა და პროფესიონალურად განვითარების გამო დროის პრობლემა შეექმნას, , მაგრამ კვირაში სულ ცოტა ერთ ვიდეოს მაინც ატვირთავს ენის სწავლის მსურველთათვის.
#ინიციატივა
#უმცირესობები
#ქართული
ენა
#marneulidaily
0