ანტიქართული პროპაგანდა და ბარიკადსმიღმა დარჩენილი ქართველი სტუდენტები

0
ბავშვობიდან ვიზრდებოდი აკრძალვებით. "არ შეიძლება", "გაჩუმდი". ნეტავ "არ შეიძლება" ბავშვურ საკითზებზე ეთქვათ, მაგალითად, როგორც ჩვეულებრივ ბავშვს უკრძალავ კომპიუტერთან დიდ ხანს ჯდომას. არა, ჩემს შემთხვევაში ჩემი ასაკისთვის შეუფერებელი "არ შეიძლება" მესმოდა. არ ვიცოდი, რიგითმა 6 წლის სკოლის მოსწავლემ, თუ რატომ არ შეიძლებოდა "დედაენის" ყდიდან დაზუთხული საქართველოს ჰიმნი სადმე რომ წამეღიღინა. არ ვიცოდი, თუ რატომ არ ვსწავლობდი სკოლაში იმ ენაზე რომლითაც"ფეხი ავიდგი", პირველი ლექსი ხომ დედამ ამ ენაზე მასწავლა?! მშობლები როდესაც იხსენებდნენ ბავშვობის წლებს, მათი მონაყოლიდან მახსოვდა, რომ 1 კლასში მისვლისას დედაენას სწავლობდნენ, ხოლო მე არ ვიცოდი თუ რატომ დამიდეს მერხზე რუსული "აზბუკა" და რატომ არ შეიძლებოდა მეც დედაენა მესწავლა. მაგ ასაკის ბავშვისთვის ამის გაცნობიერება ცოტა რთული აღმოჩნდა, თუმცა არავისაც არ უცდია მისთვის პასუხის გაცემა. რას გაიგებდა რომ?! ხოლო ის "რატომ", რომელიც სულ აწუხებდა, ისევ უპასუხოდ რჩებოდა. მახსოვს, ამდენი აკრძალვებისგან დაკომპლექსებული და ჩაკეტილი პატარა ბავშვი. მახსოვს, სანამ სიტყვას წარმოვთქვამდი, ყოველ ჯერზე ჩემს თავში "გაჩუმდი" ტრიალებდა. არც უნდა გამკვირვებოდა, მე ხომ მასთან ერთად გავიზარდე. გავიდა ხანი, უკვე ყველაფერი გაცნობიერებული მქონდა. საბოლოოდ გაქრა "რატომ", ხოლო "გაჩუმდი" აგრძელებს ჩემთან ერთად ზრდას. ჩემთვის ნათელი გახდა თუ რატომ უნდა გავჩუმებულიყავი. ნათელი გახდა, თუ სახლში რატომ მიტარებდნენ მოძღვრებას, რომ ქართულად არ მესაუბრა. მათაც ეშინოდათ, წარმომიდგენია, რაოდენ დიდ ტკივილს განიცდიდნენ, როდესაც ქართულად საუბრისგან თავის შეკავებას მთხოვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ისე კარგად ვფლობდი ამ უკანასკნელს, გული მაინც მისკენ მიილტვოდა. სისხლი თავისას შვრება ალბათ. სკოლაში საკმაოდ კარგად ვსწავლობდი, ნელ-ნელა ქართული დავიწყებას მივეცი, არც მიცდია, არც მესმოდა სადმე. ჩემთვის როგორი ახლო და თან როგორი მიუწვდომელი აღმოჩნდა . უკვე მრცხვენოდა კიდევაც ქართულად საუბარი, რადგან " გარუსებულ" მე-ს საშინელი რუსული აქცენტი მქონდა, სკოლაში ხომ საერთოდ არ ვსწავლობდი ქართულს. ყველაზე დიდი დარტყმა, არ ვიცი ოღონდ რიგით მერამდენე, მივიღე გამოცდების დროს. განა ბევრს ვითხოვდით?! - ჩვენ მხოლოდ განათლების მიღება გვინდოდა. ვოცნებობდით, გეგმებს ვაგებდით ჩვენს მომავალზე, გეგმები მხოლოდ აშენებაზე და ურთიერთობაზე იყო ორიენტირებული. ღამეებს ვათენებდით, ვიბრძოდით, რომ ამისთვის მიგვეღწია. პირველი ნაბიჯის გადადგმა-ღა გვრჩებოდა- ეროვნულ გამოცდებზე უნდა გავსულიყავით. რუსეთში წასვლაზე არასდროს არ მიფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ ენის ბარიერი მქონდა ქართულში, მაინც ენგურს იქით ტერიტორიაზე მიბიძგებდა გული. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ მაშინ დაინგრა ჩვენი გეგმები, როდესაც შევიტყვეთ, რომ გამოცდაზე ვერ გავიდოდით, ვინაიდან გამშვები პუნქტი ჩაკეტეს გაურკვეველი ვადით. მახსოვს, ათასობით ადამიანი იდგა გამშვებ პუნქტთან იმის იმედით, რომ გადავიდოდნენ, თუმცა მცდელობა უშედეგო იყი. ზოგი გარკვეული თანხით გადადიოდა, ზოგიც მავთულებს არ შეუშინდა, ზოგმა კიდევ ენგური გადაცურა. სიცოცხლის შენარჩუნებაზე არავინ იყო დაზღვეული, თუმცა წინ გამოცდები და ოცნებები გველოდებოდა. ხო, განათლება ასე ძვირი დაგვიჯდა. ველოდებოდი, თავს ვინუგეშებდი, თუმცა გულის სიღრმეში განადგურებული ვიყავი. ჩემს თავს ვეუბნებოდი:"არა, არ შეიძლება ასე, ასე ვერ მოგვექცევიან, სულ მალე გამოცდაზე იქნები, ნუ ნერვიულობ". სამწუხარო, მოგვექცეს... მახსოვს, 1 ივლისი იყო, სწორედ ის დღე, როდესაც მე გამოცდაზე უნდა გავსულიყავი დილის 8 საათზე. ამ დროს მე გამშვებ პუნქტთან ვიდექი და ველოდებოდი, ვიცდიდი... 8 საათი როგორც კი შესრულდა აი მანდ უკვე მორალურად გამოფიტული ვიყავი. ჩემს წინ გაიარა ყველა ჩემმა ოცნებამ, რის გამოც ბევრი რამ გავაკეთე, გაიარა ყველა წლებმა, რომელშიც ვაგებდი სამომავლო გეგმებს. როდესაც წარმოვიდნენდი, რომ ახლა ბავშვებს უნდა დაეწყოთ გამოცდა გული მეკუმშებოდა და სუნთქვა მიჭირდა. შემზიზღდა ყველაფერი, საკუთარი სახლიც შემძულდა. ცხოვრებაში პირველად წარმოვთქვი ეს ფრაზა:" ღმერთო, ოღონდ აქ არ დავბადებულიყავი." ვფიქრობდი, ხომ შეიძლებოდა მეც, როგორც ყველა ჩვეულებრივი ადამიანი აკეთებს- პირდაპირ გამოცდაზე მივსულიყავი, მე კი ახლა გამოცდაზე გასვლა შეიძლება სიცოცხლის ფასადაც დამიჯდეს. საბოლოოდ, გამოცდა გადაგვიწიეს, სხვა დროს ჩავაბარეთ, თუმცა მორალურად ისეთი დაქვეითებული ვიყავი, არც მახსოვს გამოცდაზე რას ან როგორ ვწერდი. უკვე ყველაფერზე ხელი მქონდა ჩაქნეული. დღეს სტუდენტი ვარ, ვიბრძვი და არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ დანებებას. ავირჩიე ის პროფესია, რომელიც ერთა-შორის ურთიერთობების მოსაგვარებლად და გამოსასწორებლად ნამდვილად საუკეთესოა. სირთულეები არის, რა თქმა უნდა ქართულთან მიმართებაში, მაგრამ იმის მერე, რაც 18 წლის ასაკში გამოვიარე ეს უბრალოდ დაბრკოლებაა, რომელსაც აუცილებლად გადავლახავ. ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ მინანია რომ იქ დავიბადე, მაგრამ ეს გაბრაზებულზე, ჰაერში ნასროლი სიტყვები იყო, რომელსაც გულთან და გრძნობებთან არანაირი კავშირი არ აქვს. მე გავაცნობიერე და მივხვდი, რომ ვერ შევძლებ ჩემი აფხაზეთის გარეშე და მივხვდი, რომ ყველა მისი კუთხე-კუნჭული მიყვარს. აფხაზეთი ჩემი სახლია!!!
#აფხაზეთი
#სტუდენტი
#ენა
#დედაენა
#პოლიტიკა
#SokhumiDaily
0