„მამაჩემია მძიმედ, ფეხზე ადგომას ვერ ახერხებს და საუბარი უჭირს“ – ლაშა ქველაძე

0
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი ამ დრომდე მკურნალობას მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში გადის. სამედიცინო დაწესებულებაში მამა-შვილი, გივი და ლაშა ქველაძეები იმყოფებიან. რადიო „მარნეული“ ლაშა ქველაძეს ესაუბრა, რომელმაც გუშინ, მარნეულში განვითარებული მოვლენები გაიხსენა. ამბობს, რომ ამჟამად ის თავს შედარებით კარგად გრძნობს, მამამისი კი ისევ ცუდადაა. „თავს შედარებით კარგად ვგრძნობ ახლა. მამაჩემია მძიმედ. დღეს გონზე მოვიდა და ფეხზე ადგომას ვერ ახერხებს და საუბარიც უჭირს. რაც შეეხება გუშინდელ ამბავს, საღამოს 9 საათისთვის ოფისიდან რომ გამოვდიოდი, თავს დაგვესხნენ „ქართული ოცნების“ წევრები. საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, საკრებულოს აპარატის იურისტი შერმანდინი, მერიის თანამშრომლები (ჯალაღონია, შუბითიძე, ჩხიტუნიძე). მათ ჰყავდათ სპორტსმენები მოყვანილი, მანქანა დამილეწეს, გადმოსვლაც ვერ მოვასწარი და მერე ჩვენ ფიზიკურად გაგვისწორდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში ჩართულები არიან არასამთავროები და საელჩოები, იმედი მაქვს, რომ გამოძიებას აიძულებენ შედეგი დადონ“ - თქვა ლაშა ქველაძემ როგორც მარნეულის „ავერსის“ კლინიკის მენეჯერი მანან კაპანაძე განმარტავს, მამა-შვილი მათთან მკურნალობას ტვინის შერყევის დიაგნოზით გადის. შესაძლოა, ერთ-ერთი მათგანი ხვალ გაეწეროს. „სტაბილური მდგომარეობაა. ბატონი გივი უფრო საყურადღებოა. ლაშა შედარებით მსუბუქ მდგომარეობაშია. მათ თავის ტვინის შერყევა აქვთ. 60 წლის მამაკაცს ასევე აღენიშნება ცხვირის ძვლების მოტეხილობა, ჰაიმორის ძვლის მოტეხილობა. ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ხვალ გაეწერება სახლში. ბატონი გივი კიდევ შეფასდება მოგვიანებით და მერე გადავწყვეტთ“ 29 სექტემბერს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. პარტიები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მხარეები მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, რომელიც ამავდროულად ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელია. მას ნაცინალური მოძრაობის წევრებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 126-ე ძალადობისა და 154-ე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის, მუხლებით დაიწყო. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#არეულობა
#მარნეული
#Marneulidaily
წყარო : რადიო მარნეული
0