ლეილა აბაშიძე - როგორ ჩაქრა ქართული კინოს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი

0
ლეილა აბაშიძეს უცხოური პრესა ჰოლივუდის მსახიობ მერი პიკფორდს ადარებდა. წერდნენ, რომ საბჭოთა კინოსამყაროს საკუთარი, აქამდე ჯერ არნახული ვარსკვლავი ჰყავდა. სილაღითა და ნიჭიერებით ის ნამდვილად ჰგავდა მერი პიკფორდს და რა უცნაური დამთხვევაა, რომ ლეილა 8 აპრილს, ზუსტად პიკფორდის დაბადების დღეს გარდაიცვალა. სხვა ქართველი ქალი მსახიობებისგან განსხვავებით, ის წლები, რაც ლეილამ კინოში გაატარა ძალიან ნაყოფიერი იყო. ლეგენდარულმა მსახიობმა მოასწრო და გარდაისახა ბიჭად, ეკრანზე პირველად მოირგო შარვალი და მიუჯდა მანქანის საჭეს. ობოლმა გოგომ, მხოლოდ ბუნებით დაჯილდოებული მსახიობური ნიჭით გაიკვლია გზა, შექმნა განუმეორებელი როლები და კინემატოგრაფში მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა. ლეილა აბაშიძის მიერ განსახიერებული ქალები იყვნენ მიზანდასახულები, მებრძოლები და თავდაჯერებულები, რაც ერთგვარი ამოვარდნა იყო ცხოვრებისგან გატეხილი ქართველი ქალის სახიდან, რომელსაც ქართულ კინოში ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული. მას არ ეშინოდა კამერის წინ გამოჩენილიყო უშნო, თუმცა მეორე წამს შეეძლო ყოფილიყო ქალური და დახვეწილი. გარდა ნიჭისა, ლეილა უზომოდ განათლებული და ჭკვიანი ქალი იყო, წერდა არაჩვეულებრივ სცენარებს და იმასაც კი ამბობდნენ, რომ მისგან შეუდარებელი მწერალი დადგებოდა, თუ ამ გზას აირჩევდა. ხშირად სახელგანთქმული მსახიობები ერიდებიან როლის გამო ექსპერიმენტების ჩატარებას, თუმცა ლეილა არც ამას უშინდებოდა - გლეხი ქალის როლის უკეთ გასათავისებლად ფეხშიშველი მიდიოდა ყანაში სამუშაოდ, აბეზარას როლისთვის კი გადაღებებების დაწყებამდე ბენზინს იპკურებდა - ამბობდა, ასე თავი ნამდვილი მძღოლი მგონიაო. თუმცა სამწუხაროდ, დიდი მსახიობების ცხოვრება ბევრი ტრაგიკული ამბით არის სავსე და არაპროგნოზირებადია. 1960-იანი წლების ბოლოს, როცა ლეილა აბაშიძე კარიერის ზენიტში იყო და მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით იმ მსახიობების ხუთეულში შედიოდა, რომელთა ფილმებსაც 20 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა კინოთეატრში, ლეილა აბაშიძის კარიერა დასრულდა. აი, ასე, გადაწყვიტეს, რომ მისთვის როლები აღარ მიეცათ. მიზეზებზე ბევრი ვარაუდი გამოითქვა, იყო ბევრი ჭორიც. ლეილა აბაშიძის ეკრანიდან გაქრობას ზოგი ეპოქას უკავშირებს, სწორედ ამ პერიოდში "ვარსკვლავობაზე" აღარ იყო მოთხოვნა, გაჩნდა სხვა ტიპის კინო, რომელიც არა გამორჩეულზე, არამედ "ჩვეულებრივზე" ამახვილებდა ყურადღებას. თუმცა იყო ლეილას კინოდან გაუჩინარების სხვა ვერსიებიც, რომლებიც მსახიობის პირად ცხოვრებას უკავშირდებოდა.
#ლეილააბაშიძე
#ქართველიმსახიობიქალი
#კინოხელოვნება
#ხელოვნება
Tbilisi
0