„ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს 120/30-ზე საარჩევნო სისტემას

0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები რა სისტემითაც უნდა ჩატარდეს, „ქართული ოცნება“, ნებისმიერ შემთხვევაში, მყარ გამარჯვებას მოიპოვებს. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ შეთანხმებას პირნათლად შეასრულებს და გუნდი მთლიანად დაუჭერს მხარს 120/30-ზე საარჩევნო სისტემას. „თუ ოპოზიციის ნაწილი სხვა ოპოზიციასაც აიყოლიებს და ისევ დარჩება 77/73-ზე სისტემა, ამ შემთხვევაშიც, ძალიან მყარად მოვიგებთ და უფრო დიდი უპირატესობითაც. მგონია, რომ ამათ არ ყოფნით უკვე ადგილები, რადგან მაჟორიტარობაზე იმდენმა განაცხადა პრეტენზია, აღარ ჰყოფნით 120/30-ზე და სჭირდებათ მეტი მაჟორიტარი იყოს. ამას ნახევრაე ხუმრობით ვამბობ, მაგრამ რეალურად, თუ ერთ ადამიანზე, დავუშვათ, ერთ კრიმინალზე „ჩამოკიდებენ“ ამ პროცესს და იტყვიან, რომ თუ კონკრეტული ადამიანი არ გათავისუფლდება, თუ ხელისუფლება არ ჩაერია მართლმსაჯულებაში და მისი გარეთ გამოშვება არ უზრუნველყო, მაშინ ჩვენ არ მივცემთ ხმას საკონსტიტუციო ცვლილებებსო, ეს მათი საქმეა. ნებისმიერ შემთხვევაში, 120/30-ზე იქნება, თუ ძველი სისტემით, რომელიც თავის დროზე სწორედ თავად ჩააგდეს და მაშინაც მოატყუეს საზოგადოება, მაშინ არც ის არის პრობლემა, რომ იგივე სისტემით გავიდეთ არჩევნებზე და კიდევ უფრო დამაჯერებლად დავამარცხოთ ოპოზიცია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​
0