დავითობა

0
დავით IV აღმაშენებლის სპილენძის მონეტა, ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციიდან 👑 მონეტა უნიკალურია იმით, რომ ეს არის დავითის მეფობის დროს მოჭრილი ერთადერთი მონეტა მისი გამოსახულებით. მონეტის შუბლზე მეფის პორტრეტია მოცემული, სამეფო სამოსით. თავზე ადგას ჯვრიანი სამეფო გვირგვინი - სტემა, რომლიდანაც სახის ორივე მხარეს მარგალიტებიანი საკიდები - პენდილიები ეშვება. ყელზე ჩანს მსხვილი მძივები. სამხრეებიც და კაბაც თვლებით არის შემკული. მარჯვენა ხელში სკიპტრა უპყრია, მარცხენაში კი, ჯვრიანი სფერო. ფიგურის ორივე მხარეს განთავსებულია დაქარაგმებული ასომთავრული წარწერა: „დთ - მფ“ (დავით მეფე). მონეტის ზურგზე ჩანს ჯვრის გამოსახულება, რომელსაც გარს შემოუყვება დაქარაგმებული ასომთავრული წარწერა: „დთ-მფ-აფთ-ქ–რნ-კხთ-სხთ“ (დავით, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა). მონეტა მოჭრილია ქუთაისის ზარაფხანაში, 1118 წლის შემდეგ, როდესაც დავითმა ლორე აიღო და ტაშირ-ძორაგეტის („სომეხთა“) სამეფო საქართველოს შემოუერთა, რაც აისახა კიდეც მის ტიტულატურაში.
0