რა გართულებები შეიძლება მოყვეს არასწორად გაკეთებულ ინექციას

0
📌ლოკალური გართულებებია: თრომბოზი, თრომბოფლებიტი, ფლებოთრომბოზი, ინფილტრატი, აბსცესი, ნეკროზი, ჰემატომა, ნერვული ღეროს დაზიანება, ნემსის ჩატეხვა, ექსტრავაზაცია. 📍თრომბოზი, თრომბოფლებიტი:ვენის ენდოთელიუმზე ნემსის (ან კათეტერის) წვერის შეყვანის ადგილზე, ყოველთვის ხდება თრომბოციტების ადჰეზია (მიწებება) და ყალიბდება თრომბი. თრომბი საუკეთესო ადგილია ბაქტერიების გამრავლებისათვის, ვითარდება ვენის ანთებაც ე. ი. თრომბოფლებიტი. ვენა ხდება დაკლაკნილი, მტკივნეული, საპროექციო არე შეწითლებულია. იქმნება ემბოლიის საშიშროება. პირველი დახმარება:ინფუზიის შეწყვეტა, ნემსის ან კათეტერის ამოღება, ჰეპარინის მალამოიანი კომპრესის დადება, კიდურის ოდნავ მაღალ პოზაში აწევა და იმობილიზაცია. 📍ფლებოთრომბოზი:ამ დროს უფრო არის ემბოლიის მეტი საშიშროება, რადგან სისხლის კოლტი ცუდად არის მიმაგრებული ვენის კედელზე. ფლებიტის ხარისხს განსაზღვრავს: - ინფუზიის ხანგრძლივობა _ რაც უფრო ხანგრძლივია ინფუზია, მით დიდია ანთების სიხშირე - ხსნარის შემადგენლობა - ინფუზიის ადგილი_ სახსრის მოხრის ადგილში გაკეთებული ნემსი კიდურის მოძრაობის დროს მეტად აზიანებს ვენის კედელს. ვენულები და ქვემო კიდურის ვენები უფრო მიდრეკილია ტრავმისადმი. - გაკეთების ტექნიკა _ ასეპტიკის წესების დარღვევა, ვენაპუნქციის არასრულყოფილი ტექნიკა ზრდის ვენების დაზიანების ალბათობას 📌პროფილაქტიკა: - ქვემო კიდურის ვენების, სახსრის მოხრის ადგილის ნაკლებად გამოყენება; - გამაღიზიანებელი ხსნარების შეყვანისათვის დიდი ვენების გამოყენება; - კანულის უსაფრთხო ფიქსაცია; - ასეპტიკის წესების ზუსტი დაცვა. 📍ინფილტრატი:უხშირესად ვითარდება კანქვეშა და კუნთშიდა ინექციის შემდეგ, როდესაც ინექცია შესრულებულია ბლაგვი, მოკლე (კანქვეშა, კანშიდა და ინტრავენური) ნემსით. ისეთი სამკურნალწამლო ხსნარები, როგორიცაა მაგნიუმის სულფატი, ანალგინი, ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები თუ არ იქნა შეყვანილი კუნთში ღრმად, იწვევს ქსოვილების ძლიერ ქიმიურ გაღიზიანებას, ხანგრძლივად იწოვება, რაც იწვევს ინფილტრატის განვითარებას. საინექციო ადგილის არასწორი შერჩევა, ხშირი ინექციები ერთი და იგივე არეში, იწვევენ ინფილტრატის განვითარებას. ინფილტრატისათვის დამახასიათებელია ინექციის არის გამაგრება, რომლის განსაზღვრა ადვილია პალპაციით. ინფილტრატის ჩამოყალიბების შემთხვევაში ნაჩვენებია ადგილობრივი კომპრესები და სათბურები. პროფილაქტიკა:ინფილტრატის პროფილაქტიკა მდგომარეობს გამომწვევი მიზეზების თავიდან აცილებაში. 📍ინექციისშემდგომი აბსცესი – არის რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ანთება ღრმულის წარმოქმნით, რომელიც ამოვსებულია ჩირქით და ჯანსაღი ქსოვილებისაგან შემოსაზღვრულია პიოგენური მემბრანით. აბსცესის გამომწვევი მიზეზები იგივეა, რაც ინფილტრატის ჩამოყალიბების დროს, მაგრამ აბსცესის დროს ხდება რბილი ქსოვილების ინფიცირება ასეპტიკის და ანტისეპტიკის წესების დარღვევის შედეგად. უხშირესად აბსცესი წარმოიქმნება ღრმად დუნდულოს მიდამოში, ამიტომ ძნელია მისი გამოვლენა, მიუხედავად იმისა, რომ, პაციენტს აღენიშნება ზოგადი და ადგილობრივი ტემპერატურის მომატება. 📌პროფილაქტიკა:პროფილაქტიკა მდგომარეობს ინფილტრატის და აბსცესის გამომწვევი მიზეზების თავიდან აცილებაში, ასეპტიკის და ანტისეპტიკის წესების დაცვაში. 📍ნემსის ჩატეხვა – შესაძლოა, ძველი ნემსის ხმარების დროს ან დუნდულა კუნთის მკვეთრი შეკუმშვისას კუნთშიდა ინექციის დროს. თუ ექთანმა, წესის დაცვით ნემსის შეყვანისას მოიტოვა მისი 0, 7 – 0, 5 მმ კანის ზემოთ, ჩატეხილ ნემსს ამოვიღებთ პინცეტით, მაგრამ თუ წესი დარღვეულია და ნემსი შეყვანილია კანულამდე, მისი მოცილება შესაძლოა, მხოლოდ ქირურგიულად. 📍ნერვული ღეროს დაზიანება – შესაძლოა, კუნთშიდა და ვენური ინექციის დროს, არასწორადაა არჩეული საინექციო არე, როდესაც შეყვანილი პრეპარატის ნაწილი ახლოსაა ნერვულ ღეროსთან, ან ნერვის მოხდა მკვებავი სისხლძარღვის დაცობა. პროფილაქტიკა:ინექციის ტექნიკისა და საინექციო არეების მკაცრი დაცვა. 📍ქსოვილების ნეკროზი (კვდომა) – შეიძლება განვითარდეს წარუმატებელი ვენაპუნქციის, ან ძლიერგამაღიზიანებელი ნივთიერების კანქვეშ შეყვანისას. 📍ჰემატომა (სისხლჩაქცევა კანქვეშ) – ვითარდება წარუმატებელი ვენაპუნქციის დროს, როდესაც ნემსით ხდება ვენის ორივე კედლის ერთდროული გახვრეტა და სისხლი ჩაიქცევა ქსოვილებში. ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ მოცემული ვენის პუნქცია! ვენა, რამოდენიმე წუთით, მიაჭყლიტეთ ბამბის სპირტიანი ბურთულით. აღნიშნული ინექცია გაუკეთეთ სხვა ვენაში და ჰემატომის არეში დაადეთ ადგილობრივი სათბური. 📍ექსტრავაზაცია:მას იწვევს სისხლძარღვის კედლის გაჩხვლეტა საპირისპირო მხარეს. ამ დროს ვითარდება ჰემატომა, ამიტომ, სასწრაფოდ უნდა გამოვიღოთ ნემსი, მოვუშვათ ლახტი და ინექციის ადგილას დავადოთ, ჯერ ყინულის ბუშტი, რამოდენიმე ხნის შემდეგ კი წავუსვათ ჰეპარინის მალამო, და გავუკეთოთ კომპრესი.
0