" "ცრუ ინფორმაციის გავრცელების საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება დემოკრატიას არ ეწინააღმდეგება"

Tbilisi Daily

Fake News-თან, ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო მოწესრიგება, რა თქმა უნდა, საჭიროებს დაკონკრეტებასა და დახვეწას, თუმცა, ეს არაა მხოლოდ ქართული პრობლემა, - განაცხადა ასოცირებულმა პროფესორმა, იურისტმა სერგი ჯორბენაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ფეისბურგი“. „თავისი არსის გათვალისწინებით, ის, თუ რას ნიშნავს ცრუ ინფორმაციის თაობაზე შეზღუდვების დაწესება, უნდა გამომდინარეობდეს ძირითადი სტანდარტებიდან, იგივე - ქვეყნის დემოკრატიული სტანდარტების გააზრებიდან და იმ შესაბამისობიდან, რა მიმართულებაც საქართველოს აქვს. საუბარია აშკარად შეცდომაში შემყვან და აშკარად ყალბი ინფორმაციის მიწოდებაზე, რომელიც, ე.წ. „ფეიკ ნიუსადაა“ აღიარებული ევროკავშირის მასშტაბითაც. როდესაც ვამბობთ „აშკარა“, იგულისხმება ის, რომ თუნდაც წინასაარჩევნო პერიოდში ან ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებისას, საზოგადოების ძალიან მაღალი ნდობაა. საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არ წარმოადგენს დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებების გააზრებას, ამდენად, საკანონმდებლო დონეზე ამის მოწესრიგება არ ეწინააღმდეგება დემოკრატიას, რადგან ჩვენ არ ვსაუბრობთ გამოხატვის, სიტყვისა და აზრის თავისუფლების აღმოფხვრაზე ან, საერთოდ, ასე ვთქვათ, გაუქმებაზე. საუბარია იმაზე, რომ ეს ყვალაფერი მოწესრიგდეს და იმგვარ რელსებზე დადგეს საქართველოში, რაც დასავლური ღირებულების გააზრებაა“ - განაცხადა ადვოკატმა.