კლინიკები ლალი მოროშკინას ანტიბაქტერიული ხსნარების ჩუქებისთვის მადლობას უხდიან
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ასახულია ლალი მოროშკინა როგორ გადასცემს კლინიკის სამედიცინო დირექტორს, მარინა ეზუგბაიას სადეზინფექციო და ანტიბაქტერიულ ხსნარებს. ფოტოებზე მოროშკინა პიბადის გარეშეა, თავად პოსტში კი ის არასამთავრობო ორგანიზაცია "ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" თავმჯდომარედ არის მოხსნებული. ხსნარები დამზადებულია ვერცხლისფერი ევკალიპტისგან და როგორც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი იუწყება, 100%-ით ნატურალურია.
ინფექციურ საავადმყოფოში ყოფნის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლალი მოროშკინაც წერს და აღნიშნავს, რომ ექიმების დახმარების ფარგლებში სრულად ამარაგებს კლინიკას ნატურალური, ქართული სადეზინფექციო ხსნარებით.
მარინა ეზუგბაია არ არის პირველი ექიმი, რომელსაც ლალი მოროშკინამ ქართული წარმოების სადეზინფექციო სითხეები გადასცა. 18 აგვისტოს ლალი მოროშკინამ ევკალიპტის ხსნარები გადასცა საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს - ლევან რატიანს. პირბადე და დაცული სოციალური დისტანცია არც ამ შემთხვევაში ჩანს. რესპუბლიკურმა საავადმყოფომაც ისევე როგორც ინფექციურმა, ლალი მოროშკინას საჩუქრისთვის მადლობა საჯაროდ გადაუხადა.
კლინიკებისა გარდა ლალი მოროშკინას ქველმოქმედებაზე ინფორმაციას ავრცელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიც. ლანჩხუთის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2 კვირის წინ განთავსებული პოსტი სწორედ იმას შეეხება, რომ ანტიბაქტერიული ხსნარები საჩუქრად გადაეცათ მუნიციპალიტეტის მრავალშვილიან ოჯახებს.
ევკალიპტისგან დამზადებული ქართული წარმოების ხსნარები ლალი მოროშკინას პირადი ბიზნესია და შესაბამისად, კლინიკები და სახელმწიფო უწყებები მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას რეკლამას აკეთებენ. ღია წყაროების მიხედვით მოროშკინა გურიაში, სუფსაში ვერცხლისფერი ევკალიპტების პლანტაციას უვლის, საიდანაც იწარმოება შპს მწვანე ბუმბოს სადეზინფექციო ხსნარები.
კომერციული მიზნით დამზადებული ხნარებს თან ახლავს რუსული ანოტაცია, ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტად მითითებულია mail.ru-ზე რეგისტრირებული მისამართი.
მოროშკინას ბიზნესზე არაერთი გადაცემა აქვს მომზადებული როგორც ქართულ, ისევე რუსულ მედიას. ხსნარების მწარმოებელი კომპანია მწვანე ბუმბოს დირექტორი ივანე ქუფარაშვილია. კომპანია იძებნება სახელმწიფო შესყიდვების სისტემაშიც. 2019 წელს სოფელ შემოქმედის სკოლამ ამ კომპანიისგან ევკალიპტის ნერგები შეიძინა.
ლალი მოროშკინა ფეისბუქის პოსტებში ხშირად აყენებს ეჭვქვეშ კორონავირუსის რეალობას, ვაქცინის შესაძლებლობებს, პირბადეების ეფექტურობას ვირუსის გავრცელებისგან თავის დასაცავად.
ქართველი ექიმები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი კორონავირუსის მართვასა და მისი გავრცელების თავიდან ასაცილებელ ღონისძიებებში, მათ შორის მარინა ეზუგბაია და ლევან რატიანი, ბოლო დღეებში გაზრდილ ინფიცირებულთა რაოდენობას საჯარო გამოსვლებში მოსახლეობის მიერ დადგენილი წესების შესრულებისკენ, მათ შორის პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ. ხელისუფლება კი ეტაპობრივად შეზღუდვებს ამკაცრებს.
11 და 12 სექტემბერს საქართველოსთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა და დადასტურებულმა შემთხვევებმა 2 000-ს გადააჭარბა. 12 სექტემბერს გამოვლენილ ახალ შემთხვევათა რაოდენობამ 158-ს მიაღწია.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30835224.html
#ახალი_ამბები
#twitter