ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ოპოზიციასთან მოსალაპარაკებლად მზადაა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მზად არის დაჯდეს ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან რათა სადაო საკითხები ამ გზით გადაწყდეს და არა აქციებზე, სადაც კორონავირუსის განრცელების მაღალი ხიფათია. ჯანდაცვის მინსიტრის განცხადების ფონია კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდსიტუაცია.
„მე მინდა ვთხოვო მოსახლეობას და ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც დღეს არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში ნუ შეუწყობენ ხელს იმ ვირუსის გავრცელებას, რომელსაც ებრძვის დღეს მთელი მსოფლიო. სოციალური დისტანცირება რჩება ყველაზე ეფექტურ იარაღად ვირუსთან ბრძოლაში და შესაბამისად ყველა ამ მოწოდების დარღვევა არის ძალიან დიდი რისკის მატარებელი ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი გმირი ექიმებისთვის, რომლებიც დღემდე იბრძვიან და ბოლო ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძოლებენ. ნუ გამოვიყენებთ მათ გმირობას და კეთილგანწყობას და ერის მიმართ სიყვარულს ბოროტად“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში.
მისი სიტყვებით მას აქვს საზოგადოების კეთილგონიერების იმედიც და ასევე მზად არის ოპოზიციასთან დიალოგისთვის.
„ჩვენ ოპოზიციასთან მიმართებაში მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ნებისმიერი მოლაპარაკება და შეთანხმება შეიძლება შედგეს მსგავსი პროტესტის გამოხატვის გარეშეც, ბევრად უფრო ცივილურად და ეფექტურადაც და არ გამოვიყენოთ ბოროტად ჩვენი ემოციები და ჩვენი პირადი ინეტერესები და არ გავარცელოდ ინფექცია ქვეყანაში, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ამოცანა“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ოპოზიცია რომელიც, 31 ოქტომბრის საპარლამენტრო არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება, ხელახალ არჩევნებს და ცესკოს თავმჯდომარის გადაყენებს ითხოვს, ყოველდღიურად მართავს აქციებს. 8 ნოემბერს პარლამენტის წინ დაგეგმილია ხალხმრავალი აქცია. ოპოზიციის განცხადებით აქციაზე დაცული იქნება პანდემიის პირობებში სავალდებულო უსაფრთხოების ზომები.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2775 შემთხვევა. ეპიდემიის პერიოდში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა დღესთან შედარებით, 374-ით მეტი შემთხვევაა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 3560-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი, გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 22 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 423-მდე გაიზარდა.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 51 993 შემთხვევა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30933527.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)