მცხეთის სამედიცინო ცენტრში ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

Tbilisi Daily

მცხეთის სამედიცინო ცენტრს, 24 საათის განმავლობაში, 2 კოვიდინფიცირებული დაემატა. კრიტიკულად მძიმეა ერთი პაციენტის, 79 წლის ქალის მდგომარეობა. ის საბურთალოს კლასტერს მიეკუთვნება, - ამის შესახებ საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა განაცხადა. ლიკა მუმლაძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში 54 ადამიანი მკურნალობს. მათგან რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, კრიტიკულად მძიმე პაციენტი კი, ივნისის შემდეგ, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. ის მართვით სუნთქვაზეა. ლიკა მუმლაძე განმარტავს, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება სხვადასხვა მძიმე ქრონიკულმა დაავადებამ გამოიწვია. ამასთან, რისკფაქტორია მისი ასაკიც. რაც შეეხება 2 ახალ პაციენტს, მათგან ერთი ლილოს ბაზრობის კლასტერ უკავშირდება, ერთი კი იმპორტირებული შემთხვევაა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1131 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 920 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6183 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 302, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.