რას წერს უცხოური მედია საქართველოს მიღწევებსა და ტურიზმის გახსნის ღონისძიებებზე
Tbilisi Daily
„Emerging Europe“, „ფორბსი“, „ინტერფაქსი“, „Travel News“, „Where Minsk“ იმ 40-ზე მეტ მედიასაშუალებას შორისაა, რომლებშიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში სტატიები გამოქვეყნდა ბათუმსა და ზოგადად, საქართველოს მზადყოფნაზე უმასპინძლოს ტურისტებს. მათში ჟურნალისტები Covid 19-თან ბრძოლაში საქართველოს მიღწევებსა და ტურიზმის გახსნის ღონისძიებებზე, ასევე ბათუმის, როგორც უსაფრთხო, მწვანე ზონის ტურისტულ შესაძლებლობებსა და პროდუქტებზე ამახვილებენ ყურადღებას.
„წელს, თქვენი მოგზაურობის არჩევანი შეიძლება შეზღუდული იყოს, მაგრამ საქართველო და მისი შავი ზღვის მარგალიტი-ბათუმი, ბიზნესისთვის და ვიზიტორთათვის ღიაა,“ – წერს პოპულარული საერთაშორისო გამოცემა Emerging Europe, რომლის ჟურნალისტიც მკითხველებს აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებს.
რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებზე საუბრობს „ფორბსიც“.
„ბათუმი, აჭარა იქნება პირველი, სადაც ტურისტები შეძლებენ დასვენებას. აქ მათ ელოდებათ ზღვა, მთა, დაცული ტერიტორიები და ტურიზმის სხვადასხვა სახეობა, რომელიც ერთ რეგიონშია თავმოყრილი“, – წერს გამოცემა.
მსგავსი შინაარსის სტატიები მეორე კვირაა ისრაელში, პოლონეთში, ლატვიასა და ათამდე სამიზნე ქვეყნის მედიასაშუალებაში ქვეყნდება.
„თუკი აქამდე, ჩვენთვის პრიორიტეტული იყო წარმოგვეჩინა ჩვენი მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და სერვისები, ახლა მთავარი აქცენტი უკვე უსაფრთხოებაზე კეთდება. პანდემიის შემდეგ ეტაპზე, მოგზაურებისთვის არსებულ პროდუქტებთან ერთად, მთავარი სწორედ მათი უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა. ამ მხრივ კი, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, თინათინ ზოიძემ.