ციხანოუსკაია დასავლეთს მოუწოდებს "უფრო გაბედული და მტკიცე" პასუხი გასცეს ლუკაშენკას
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია ევროკავშირს და აშშ-ს მოუწოდებს უფრო "გაბედული და მტკიცე" იყვნენ თავიანთ ნაბიჯებში, რათა დასრულდეს ავტორიტარი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკას მმართველობა. ლუკაშენკა ბელარუსს 1994 წლიდან მართავს.
27 იანვარს ევროკავშირის რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრთან ინტერნეტით გამართულ შეხვედრაზე ციხანოუსკაიამ 27-წევდიან ბლოკს მოუწოდა დააჩქაროს ლუკაშენკას და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტის დამტკიცება. ციხანოუსკაია ასევე გამოდის საერთშორისო გამოძიების ჩატარების მოწოდებით ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევების გარშემო და თვლის, რომ დამნაშავეებს ტერორისტები უნდა ეწოდოს.
"საერთაშორისო რეაქცია კვლავაც ზედმეტად თავშეკავებულია" - განაცხადა ციხანოუსკაიამ დისკუსიაზე, რომელიც გაიმართა სათაურით "ევროკავშირი და ბელარუსი 2021 წელს". ციხანოუსკაიამ შეხვედრაში მონაწილეობა ლიეტუვიდან მიიღო, სადაც ის საცხოვრებლად გადავიდა უსაფრთხოების მოსაზრებების გამო, მას შემდეგ, რაც 9 აგვისტოს გამართულ არჩევნებში თავად ისიც და მისი მომხრეებიც გამარჯვებულად მას მიიჩნევენ.
არჩევნებში ლუკაშენკას მიერ თავის გამარჯვებულად გამოცხადებამ ბიძგი მისცა საპროტესტო ტალღას, რომელშიც ათი ათასობით მოქალაქე მონაწილეობს, მისი გადადგომის მოთხოვნით. უსაფრთხოების სტრუქტურები დემონსტრანტებზე მასშტაბურ ზეწოლას ახორციელებენ, დაპატიმრებულია ათასობით პირი, ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობა ქვეყნიდან განდევნილ იქნა. ძალადობას ემსხვერპლა რამდენიმე დემონსტრანტი, უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არის სანდო ცნობები დაკავებულთა წამების შესახებ.
ლუკაშენკა უარყოფს ნებისმიერ არამართებულ ქცევას და უარს აცხადებს ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზე, ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე და თანამდებობიდან გადადგომაზე.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31071455.html
#ახალი_ამბები
#twitter