დანიისა და ჰოლანდიის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროკომისია მხარს დაუჭერს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
დანიის და ჰოლანდიის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროკომისია მომავალ კვირაში მხარს დაუჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას - იუწყება სააგენტო Bloomberg-ი 10 ივნისს, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.
სააგენტოს თანახმად, საკითხში გათვიცნობიერებული პირები ამბობენ, რომ რეკომენდაცია - რომელიც ევროკავშირის კომისართა კოლეჯმა უნდა განიხილოს და მიიღოს - დამტკიცდება კანონის უზენაესობასთან და კორუფციასთან ბრძოლის კანონმდებლობის საჭიროებასთან დაკავშირებული პირობების გათვალისწინებით.
ევროკომისიის რეკომენდაცია შემდეგ წევრმა ქვეყნებმა უნდა დაამტკიცონ, რაც, Bloomberg-ის თანახმად, შესაძლოა პრობლემური იყოს დანიისთვის, რომელმაც გაავრცელა დიპლომატიური ნოტა და აღნიშნავს, რომ უკრაინა საკმარისად არ აკმაყოფილებს იმ ინსტიტუტების სტაბილურობას, რომლებსაც ეფუძნება დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და უმცირესობათა უფლებების დაცვა. წინაღმდეგობა გამოთქვა ჰოლანდიამაც - იუწყება სააგენტო.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს მოუწოდებს მის ქვეყანას შესთავაზოს ბლოკში გაწევრიანება შემოკლებული პროცედურით - ზელენსკი თვლის, რომ ეს იქნება "ძლიერი პასუხი" უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულ შეჭრაზე.
ბლოკის ლიდერები ამ საკითხს 23-25 ივნისს განიხილავენ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31892505.html
Source: radiotavisupleba.ge