უზენაესი სასამართლო - ისტორია და არქიტექტურა

Tbilisi Daily

დედაქალაქის მთავარი არტერიის,  რუსთაველის პროსპექტიდან სამიოდე წუთის სავალზე, კლასიკური არქიტექტურის  ნიმუშს, უზენაესი სასამართლოს შენობას მიადგებით. ოთხსართულიანი, მასიური შენობა 1894 წელს აშენდა. მე-19 საუკუნის თბილისში, ისე, როგორც მაშინდელ რუსეთის იმპერიაში, დასავლეთ ევროპაში იმხნად გაბატონებული არქიტექტურული ფორმები მკვიდრდებოდა. სწორედ იმ პერიოდში თბილისის მესვეურთა ინიციატივით გადაწყდა,  რომ მაშინდელ გოლოვინის პროსპექტსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნაგებობა აშენებულიყო,  რომლებიც თბილისის სავიზიტო ბარათებად უნდა ქცეულიყვნენ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობა იმთავითვე სასამართლოსთვის იყო გათვალისწინებული. მთავარი ოთხსართულიანი ფასადის საერთო აღნაგობა შუა რიზალიტი (ვესტიბიულითა და დარბაზებით) და გვერდის რიზალიტები, შემოსასვლელები ცენტრში და ფრთებზე, ორი სიმეტრიული ჭიშკარი გეგმის ფუნქციური გადაწყვეტილებითაა ნაკარნახევი. ხუროთმოძღვრული დამუშავება გვიანი რენესანსისა და ბაროკოს იტალიური (უმეტესად რომაული) პალაცოების ფასადთა მოტივებს ემყარება, რომლებიც ჩვენში XIX საუკუნის მეორე ნახევრის დასავლური არქიტექტურის მეშვეობითაა შემოსული~. არქიტექტურული დაგეგმარებით იმთავითვე მკაფიოდ იყო დაცული საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. 900-იან წლებში მაშინდელი სასამართლო პალატის მთელი საშტატო ერთეული სულ 39 კაცით განისაზღვრებოდა და აქედან 11 იყო მოსამართლე. 1921 წლის შემდეგ ბოლშევიკურმა რეჟიმმა თავისი კვალი უზენაესი სასამართლოს შენობასაც დაამჩნია შეიზღუდა მართლმსაჯულების განხორციელებისათვის აუცილებელი პირობები. თავის დროზე ანგარიში არ გაუწიეს იმ გარემოებას, რომ შენობა სპეციფიკური დანიშნულების იყო და იქ თანდათან დაიწყეს სხვადასხვა უწყების განთავსება. ბოლოს შენობაში შესახლებულ დაწესებულებათა რიცხვმა ჩვიდმეტს მიაღწია. გადაიტიხრა დარბაზები და ვესტიბიულები. სასამართლო სხდომის ათი დარბაზიდან მხოლოდ სამი დარჩა. დანარჩენები დაიყო პატარა ოთახებად. თვითნებური, ყოვლად გაუმართლებელი ცვლილება-გადაკეთეით შენობამ დაკარგა სპეციალური სასმართლო ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება. განადგურდა ინტერიერის არქიტექტურულ-მხატვრული სახე და საერთო შიგა სივრცის რაციონალური გადაწყვეტა. შენობაში შეიქმნა ქაოსური მდგომარეობა, რაც გამოწვეული იყო საპროცესო და საკასაციო დარბაზების, კანცელარიისა და ადვოკატურის შეუსაბამო განთავსებით; პატიმართა, მოსამართლეთა და პროცესზე მოსული ხალხის ნაკადების ურთიერთგადაკვეთით. მოსამართლეები იძულებული გახდნენ სასამართლო პროცესები ჩაეტარებინათ სამუშაო კაბინეტებში, წარმოუდგენელ სივიწროვესა და ხმაურში. ასე გრძელდებოდა წლობით. თითქმის განადგურებული შენობა შველას ითხოვდა. 1973 წელს შენობა მთლიანად უზენაეს სასამართლოს დაუბრუნდა, გადაწყდა მისი პირვანდელი სახით აღდგენა-რეკონსტრუქცია. პროექტის დამუშავება დაევალა არქიტექტორ თეიმურაზ ჯაფარიძეს, რომელმაც ეს პასუხსაგები ამოცანა წარმატებით გადაჭრა. რესტავრაცია-რეკონსტრუქციის დროს მაქსიმალურად იქნა გამოყენებული შენობის მთელი მოცულობა პირველიდან მეექვსე სართულამდე, რამაც ხელი შეუწყო უზენაესი სასამართლოსათვის საჭირო ტექნოლოგიური სქემის განხორციელებას. პირველ რიგში, აღდგა სხდომათა დარბაზები და ვესტიბიულები, რომელთაც შენობის ძირითადი ფართი უკავიათ. საინტერესოა მესამე სართულზე მოთავსებული ვესტიბიულის და დიდი სხდომის დარბაზის მხატვრული გაფორმება. მეოთხე სართულზე, ქართული მარმარილოთი მოპირკეთებულ ვესტიბიულში, ვარდისფერი მარმარილოს სვეტების ცენტრში  დაიდგა სკულპტურული კომპოზიცია – შავ-თეთრი სფერო. სფეროს შემოვლებული აქვს ოქროსფერი სარტყელი, რომელზეც ასომთავრულით ინკუსტრირებულია შოთა რუსთაველის ცნობილი აფორიზმი – “ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”. სკულპტურული კომპოზიციის ავტორია არქიტექტორი კოტე მემანიშვილი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია შენობის კიბეები. მარმარილოს თეთრი ფილები, მასიური მუქი ხის მოაჯირები, გამოკვეთილი ორნამენტები, ბროლის ბრები რიტმულად არის განლაგებული პირველიდან მეექვსე სართულამდე. კიბე მთავრდება კესონური ჭერით, რომელშიც ოქროთი მოვარაყებული ვარდულებია ჩამჯდარი. უზენაესი სასამართლოს შენობას ქვეყნის მატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. #უზენაესისასამართლო #შენობა #არქიტექტურა #tbilisidaily