გლდანის ციხეში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ექსპერტიზა დასრულდა

Pirveliradio Ge

გლდანის ციხეში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს ექსპერტიზა ჩაუტარდა. გამოკვლევას უნდა დაადგინა მიიღო თუ არა რაიმე ტიპის დაზიანება დაკავებულმა მცხეთაში დაპირისპირების დროს. ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად არასრულწლოვანს დაზიანების კვალი არ აღენიშნება. როგორც არასრულწოლოვანი ზ.ხ-ს უფლება დამცველი ამბობს, დაკავებულზე იძულებითი ჩვენების მისაღებად სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა განხორციელდა. ადვოკატის ინფორმაციით საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ჯერჯერობით არცერთი პირი დადგენილი არ არის. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაწყებულია გამოძიება ჩვენების იძულებით მიღების ფაქტზე. კერძოდ, ზ.ხ-სთან მიმართებაში პოლიციის თანამშრომელმა იძალადა, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა რა დროსაც მისგან მიიღო იძულებით ის ჩვენება, რომელიც წარმოდგენილია გამოკითხვის ოქმის სახით. ამასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, გამოიკითხა არასრულწლოვანი, მისი კანონიერი წარმომადგენელი, ჩვენი ინფორმაციით ამოღებულია ვიდეო კამერების ჩანაწერები, რომლის გადაღებაც ხდება მცხეთის განყოფილებაში. ბოლო ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება, ჯერჯერობით არცერთი პირი არ ჰყავთ დადგენილი“,- აცხადებს გიორგი გელხაური.