კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 26 სექტემბრიდან იმყოფებოდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 55 წლის ქალს COVID-19-ის გარდა ჰქონდა თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, წითელი ქარი და გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, „კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 29 სექტემბერს 01:30 საათზე“. ბათუმში 55 წლის ქალის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოში 33-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებული გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დადასტურდა. აპრილსა და მაისში 6-6 ლეტალური შედეგი იყო. მას შემდეგ, ერთ თვეში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბერში ფიქსირდება, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრად მატებასთან ერთად. 20-29 სექტემბერს საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტი. ექიმების ინფორმაციით, ყველა მათგანს მძიმე თანმდევი დაავადებები ჰქონდა. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსით 10 ადამიანის გარდაცვალება. https://www.radiotavisupleba.ge/a/30863835.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)