თბილისის მერია 300 მიკროავტობუსის შესაძენად ტენდერს გამოაცხადებს
Tbilisi Daily
როგორც მოგეხსენებათ, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სახელმწიფოს და მათ შორის ჩვენც, მოგვიწია სპეციალური ზომების მიღება - ხარჯების გადანაწილება, რის გამოც, მერიამ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი შეაჩერა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„მათ შორის, შევაჩერეთ მიკროავტობუსების შესყიდვისთვის გამოცხადებული ტენდერი, რადგანაც გაურკვეველი იყო ვითარება, თუ რა გავლენას იქონიებდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. მსგავს მოცემულობაში თავი შევიკავეთ ისეთი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით, რომლებიც მნიშვნელოვან დანახარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული. მინდა, დედაქალაქის მოსახლეობას დღევანდელი მდგომარეობა გავაცნო. თბილისის მუნიციპალიტეტს შემოსავლების ნაწილში დაახლოებით, 150 მლნ ლარზე მეტი დააკლდა და შესაბამისად, ამ ეტაპზე, ზოგიერთი პროექტის განხორციელებისგან თავს შევიკავებთ, თუმცა მინდა ვთქვა, რომ თანხით, რომელიც მუნიციპალიტეტს ცენტრალური ხელისუფლებისგან სპეციალური ტრანფერის სახით ეძლევა, მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროგრამას განვახორციელებთ, რაც მიგვაჩნია, რომ მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია“, - აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმითმ მერიამ უკვე გამოაცხადა ბაზრის კვლევა. „უახლოეს მომავალში კი გამოვაცხადებთ ტენდერს და მერია 300 ერთეულ მიკროავტობუსს კვლავ შეისყიდის. რაც შეეხება დანარჩენ პროექტებს, რომლებიც მსოფლიო პანდემიის გამო მუნიციპალიტეტის შემოსავლებით ვეღარ დაფინანსდება, უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ასევე, ფინანსთა სამინისტროსთან გვქონდა საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ეს პროექტები დაფინანსდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ“, - აღნიშნა კალაძემ.