საქართველოში იწყება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტირება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში იწყება ანტიეგნზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება, რომელიც პასუხს 20 წუთში იძლევა. იმნაძის განმარტებით, ეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ერთ-ერთი ბოლო რეკომენდაციაა, ამ სწრაფი ტესტირებისთვისაც ნაცხს ცხვირიდან იღებენ და მას აღარ სჭირდება PCR ტესტით დადასტურება. „მსოფლიოში ორი ასეთია ტესტია აღიარებული და ამ ორიდან ერთ-ერთი საქართველოში ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. მისი ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში 150 ათასამდე ასეთი ტესტია და შეკვეთილია კიდევ ნახევარი მილიონი. გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 1759 შემთხვევა, რაც ეპიდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 24 562 შემთხვევა. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა 350 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 9751. დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 5 პაციენტის გარდაცვალება. აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 183 ადამიანი. https://www.radiotavisupleba.ge/a/30908569.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)